ნელამავალებს პატარა მხეცებად მიიჩნევენ. გარემო პირობების გაუარესების დროს, მათ შეუძლიათ გამოშრობა, სხეულიც კონფიგურაციის შეცვლა და წლობით ანაბიოზში გადასვლა. შეგიძლიათ დამართოთ ფაქტობრივად ნებისმიერი რამ — გაყინოთ, არ მიაწოდოთ ჟანგბადი, მოაქციოთ მაღალი წნევის, კოსმოსური ვაკუუმის, კოსმოსური რადიაციის ქვეშ, აადუღოთ კიდეც, მაგრამ ისინი მაინც არ კვდებიან.
თუმცა, როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ამ ციცქნა ორგანიზმებს შეიძლება აქვთ ერთი სისუსტე — დიდხანს ყოფნა მაღალ ტემპერატურაზე, ანაბიოზურ მდგომარეობაშიც კი. რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება ტემპერატურა, მით უფრო დაბალია ნელამავალების გადარჩენის შანსი.
ავტორთა განცხადებით, კვლევა აჩვენებს ადამიანის საქმიანობის შედეგად გლობალური ტემპერატურის მატების გავლენას ჩვენი პლანეტის ყველა ქმნილებაზე.
მთელ მსოფლიოში დათბობამ უკვე მოახდინა გავლენა როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ სიცოცხლეზე. ზოგიერთი სახეობა ცვლილებებს სხვებზე უკეთ იტანს; მაგრამ ცვლილებებს ძალიან ძნელად ეგუებიან მაგალითად, ტარაკნები.
ნელამავალნი, მიკროსკოპული უხერხემლო არსებები, რომლებსაც წყლის დათვებსაც უწოდებენ, დედამიწის ყველაზე ამტანი ცხოველები არიან. არსებობს მათი დაახლოებით 1300 სახეობა, რომელთა უმეტესობა 0,3-0,5 მმ სიგრძისაა.
ბინადრობენ ძირითადად ტენიან ადგილებში, როგორც მლაშე, ისე მტკნარი წყლის დანალექებში, ხავსებში თუ წყალმცენარეებში, ფოთლების გროვაში თუ ტალახის ვულკანებში, ეკვატორიდან პოლუსებამდე. აქვთ მილის ფორმის პატარა კასრისებრი სხეული რვა ჯმუხი ფეხით და ტლანქი, მაგრამ მომაჯადოებელი შესახედაობა.
იმისათვის, რათა აქტიური იყოს, ნელამავალს სჭირდება იყოს წყლით გარემოცული. როცა ხანგრძლივი ძილი ესაჭიროებათ, იკეცავენ ფეხებსა და თავს და თითქმის მთლიანად შრებიან, იღებენ კასრის ფორმას.
ასეთი ძილი იმდენად ეფექტიანია, რომ ნელამავალები გადაურჩნენ დედამიწის ისტორიაში მომხდარ ხუთ მასობრივ გადაშენებას. როგორც 2017 წლის კვლევამ აჩვენა, მათი მოსპობის ერთადერთი გზაა დედამიწის ოკეანეების ადუღება.
თუმცა, კლიმატის ცვლილებამ ამ ყოვლისშემძლე არსებებსაც კი ცუდი დღე გაუთენა. 2018 წელს ჩატარებული კვლევისას იპოვეს ანტარქტიკული ნელამავალის სახეობა, სახელად Acutuncus antarcticus-ი, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო შეიძლება, გადაშენების წინაშე იყოს. Ახლახან, იგივე სისუსტე წარმოაჩინა მეორე სახეობამაც, Ramazzottius varieornatus-მა.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ბიოლოგ რიკარდო ნევესის განცხადებით, ამ კვლევისათვის ნელამავალთა ნიმუშები ქალაქ ნივას ერთ-ერთი სახლის სახურავის თხრილიდან აიღეს. შეისწავლეს მაღალ ტემპერატურაზე ყოფნის გავლენა როგორც აქტიურ, ისე მიძინებულ ნელამავალებში. აქტიურ ცხოველებში ასევე შეისწავლეს მოკლე აკლიმატიზაციის პერიოდი.
აქტიურ ნელამავალებში, რომლებიც მაღალ ტემპერატურასთან ვერ აკლიმატირდნენ, 24 საათის განმავლობაში 37,1 გრადუსზე ყოფნის შემდეგ, პოპულაციის სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 50 პროცენტს მიაღწია.
მოკლე აკლიმატიზაციის პერიოდში, 2 საათის განმავლობაში 30°C-ზე, მომდევნო ორი საათის განმავლობაში კი 35°C-ზე, სიკვდილიანობის ამ მაჩვენებლის ზღვარი 37,6°C-მდე გაიზარდა. Როგორც ჩანს, აკლიმატიზაციამ გადარჩენის მაჩვენებელი გააუმჯობესა.
მიძინებულმა ნელამავალებმა გაცილებით მაღალ ტემპერატურას გაუძლეს. Სიკვდილიანობის 50 პროცენტიანი მაჩვენებელი მას შემდეგ დადგა, რაც ისინი 24 საათის განმავლობაში 63,1°C-ზე იყვნენ. დამატებითმა ექსპერიმენტებმა კი აჩვენა, რომ უფრო მაღალ ტემპერატურაზე ეს არსებები უფრო სწრაფად კვდებოდნენ.
2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მიძინებულ ნელამავალს შეუძლია გადაურჩეს 151°C გრადუს ტემპერატურას ნახევარი საათის განმავლობაში. ახალი კვლევით კი ის დადგინდა, რომ ნელამავალთა გადარჩენის ზოგადი მაჩვენებელი დრამატულად იკლებს მაშინ, როდესაც მაღალ ტემპერატურას დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნებთ.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია bio.ku.dk-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.