დედამიწის დიდ სიღრმეში წარმოქმნილ ალმასებში აღმოჩენილია უცნაური ტიპის წყალი
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს დედამიწის სიღრმეებში წარმოქმნილ ალმასებში ჩაჭედილი წყალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, ჩვენს პლანეტას იმაზე გაცილებით მეტი წყალი აქვს, ვიდრე გვეგონა.
შედეგად, საჭირო ხდება დედამიწაზე არსებული წყლის მთლიანი ოდენობის ხელახლა გამოთვლა. გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს ჩვენს ხელთ არსებული მრავალი მოდელი, მათ შორის, როგორ მოძრაობს სითბო დედამიწის ქერქში, რაც მიწისძვრათა სიხშირის პროგნოზირების საშუალებას მოგვცემს.
აღმოჩენა მას შემდეგ გაკეთდა, რაც მკვლევრები დააკვირდნენ, როგორ გარდატყდებოდა რენტგენული სხივები ალმასებში, რომლებიც ნაპოვნია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ჩინეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სიერა-ლეონეში.
ამ ალმასებში აღმოჩენილი წყლის მოლეკულები ჩაჭედილი იყო ყინულის სახით, მაგრამ ეკუთვნოდა იმ მარილიანი თხევადი წყლის აუზებს, რომლებიც წარსულში ქანებში ძალიან ღრმად უნდა ჩაჭედილიყო, მანტიის გარდამავალი ზონის სახელით ცნობილი ფენის ქვეშ.
ამ სიღრმეზე, დაპრესილ ცხელ ქანებში შემავალი წყლის ოდნობასთან დაკავშირებით, გარკვეული შეფასებები წარსულშიც არსებობდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, დამტკიცების ერთადერთი გზა ნიმუშის მოპოვება იყო.
გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება 600 კმ-ზე მეტ სიღრმეს, ნიმუშების ასაღებად გათხრები იმთავითვე უნდა გამოირიცხოს.
საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი, რომელსაც თავად ბუნების ციცქნა მინის „ლიფტი“ — ალმასი იძლევა.
ალმასში აღმოჩნდა მინერალის, სახელად კალციუმის სილიკატის პეროვსკიტეს (CaSiO3) ლაქები. მიუხედავად იმისა, რომ ეს მინერალი ჩვენი პლანეტის გეოლოგიაში ჭარბად უნდა იყოს, ის აქამდე არასოდეს გვქონდა ნანახი, რადგან დედამიწის წიაღში ძალიან ღრმად ყალიბდება.
გარდამავალი ზონის ქვემოთ არსებული წყლის მოლეკულები, ალმასის კრისტალების ნახშირბადის ატომთა მატრიქსში, დიდი წნევის ქვეშ იმყოფებოდა.
ერთად შეკუმშვა წყლის მოლეკულებს სხვადასხვა სტრუქტურებად განლაგებას აიძულებს, რაც მათ თანდათან ყინულის ფორმაში გარდაქმნის.
განსხვავებულ წნევებს შეუძლია წყლის მოლეკულები დააწყოს მრავალი სხვადასხვა კონფიგურაციით, ამ კონკრეტულ სტრუქტურას კი “ყინული-VII”-ს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ის ლაბორატორიაში, სპეციალურ კონტეინერებში შექმნეს ათობით ათასი ატმოსფეროს წნევის გამოყენებით, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა “ყინული-VII”-ის არსებობა დადასტურდა.
ალმასების ანალიზის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ წყლის მოლეკულები თხევადი სახით უნდა ჩაიჭედოს მაშინ, როცა კრისტალები წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირიდან 610-800 კმ სიღრმეზე.
ზედაპირისკენ ამოსვლასთან ერთად, იცვლება წნევა, რის შედეგადაც წყალი მყარდება და იღებს ყინული-VII-ის ფორმას.
კარგი ამბავი ისაა, რომ უკვე გვაქვს პირველი ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთ დიდ სიღრმეზე არსებობს თავისუფალი წყალი, დიდი ალბათობით, მარილიანი სითხის სახით.
სამწუხაროდ, შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენი წყალი შეიძლება იყოს ასეთ „ჯიბეში“ ან რამდენადაა გავრცელებული ეს წყლიანი ზონები.
მათ შესახებ უფრო მეტი დეტალის ცოდნა დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა დედამიწის ქერქს მიღმა თხევადი რადიოაქტიური ნაწილაკების დინებასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, დიდად დაგვეხმარება უკეთესად გამოვთვალოთ სიცხის გავრცელება ჩვენი პლანეტის ბირთვიდან ზედაპირისაკენ.
გარდა ამისა, წყლის გადანაწილების შესწავლა მნიშვნელოვნად შეცვლის პროგნოზებს დედამიწის ქერქის სხვადასხვა ფენების ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ.
ტექტონიკური ფილების მინერალური შემადგენლობა იწვევს მნიშვნელოვან სხვაობებს მათ სიმკვრივესა და დნობის ტემპერატურაში, რაც სწორედ ის ფაქტორებია, რომლებსაც შეუძლია გააუმჯობესოს მიწისძვრათა მოდელები.
იმის დადასტურება, რომ ასეთ სიღრმეში ნამდვილად არსებობს გამდინარე წყალი, ნამდვილად კარგი დასაწყისია და იძლევა დიდ მინიშნებებს, რომ მსოფლიოს საყვარელ ამ ძვირფას ქვაში შეიძლება კიდევ მრავალი საიდუმლო იმალებოდეს.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით