მკვლევართა პროგნოზით, 250 მილიონი წლის შემდეგ, დედამიწის დაახლოებით 92 პროცენტი შეიძლება ძუძუმწოვრებისთვის არახელსაყრელი იყოს. პლანეტის ხმელეთის მასა მომავალში ერთ სუპერკონტინენტს წარმოქმნის, რაც გაააქტიურებს ვულკანიზმს და გაზრდის ნახშირორჟანგის დონეს ატმოსფეროში, რაც თავის მხრივ, ხმელეთის უდიდეს ნაწილს უნაყოფოს გახდის.
„როგორც ჩანს, სიცოცხლეს მომავალში ცოტა უფრო რთული დრო დაუდგება“, — ამბობს გერმანიის ქალაქ პოტსდამის დედამიწის მეცნიერებათა გერმანული კვლევითი ცენტრი GFZ-ის გეოლოგი ჰანა დევისი.
მიჩნეულია, რომ დედამიწა ამჟამად სუპერკონტინენტთა ციკლის შუა პერიოდშია. ბოლო სუპერკონტინენტი, სახელად პანგეა, დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ დაიშალა. მეცნიერთა პროგნოზით, შემდეგი, სახელად პანგეა ულტიმა, დაახლოებით 250 მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნება ეკვატორთან. ატლანტის ოკეანე ზომაში საგრძნობლად შემცირდება და ასე წარმოქმნილი აფრო-ევრაზიული კონტინენტი ამერიკის კონტინენტს შეეჯახება.
ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარმა ალექსანდერ ფარნსვორთმა და მისმა კოლეგებმა ახალი სუპერკონტინენტის მოდელირება ჩაატარეს და დაადგინეს, რომ პანგეა ულტიმას უდიდეს ნაწილზე ტემპერატურა 40 °C-ზე მეტი იქნება, რაც შეუთავსებელია ძუძუმწოვართა უმეტესობის საცხოვრებლად. ფარნსვორთის განცხადებით, კონტინენტების შერწყმა და შემდეგ დაშლა გამოიწვევს ვულკანურ აქტივობას, რაც ატმოსფეროში უზარმაზარი ოდენობის CO2-ს გამოაფრქვევს, რასაც პლანეტის გათბობა მოჰყვება.
ფარნსვორთის განცხადებით, სუპერკონტინენტის შუა რეგიონები, ოკეანეებისგან შორს, გაუდაბნოვდება და ხელსაყრელი მხოლოდ ძლიერ სპეციალიზებული ძუძუმწოვრებისთვის. ტენიანობის ნაკლებობა ასევე შეამცირებს ოკეანეში ჩარეცხილ სილიციუმის დიოქსიდის რაოდენობას, რაც თანდათან ატმოსფეროში ნახშირორჟანგს გააქრობს.
მზის გაზრდილი რადიაცია კიდევ უფრო დიდ სიცხეს გამოიწვევს. პანგეა ულტიმას წარმოქმნისას, მზე ამჟამინდელზე 2,5 პროცენტით უფრო კაშკაშა იქნება. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენს ვარსკვლავს უფრო მეტი წყალბადის საწვავის მარაგი ექნება დამწვარი, რის გამოც, ბირთვი იკუმშება და შედეგად, იზრდება ბირთვული სინთეზის მაჩვენებელი.
ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, რომელშიც CO2-ის დონე მილიონზე 1120 წილს აღწევს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელზე ორჯერ და მეტჯერ მაღალია, პლანეტის ზედაპირის მხოლოდ რვა პროცენტი (სანაპირო და პოლარული რეგიონები) იქნება ძუძუმწოვართა უმეტესი ნაწილის სიცოცხლისთვის ხელსაყრელი; შეგახსენებთ, რომ ამჟამად ასეთია პლანეტის ზედაპირის დაახლოებით 66 პროცენტი.
როგორც ფარნსვორთის აღნიშნავს, ეს მასობრივ გადაშენებას გამოიწვევს.
„ძუძუმწოვრებისთვის კარგი არ იქნება. შეიძლება კარგი იყოს მცენარეული სიცოცხლისა და სიცოცხლის სხვა ტიპებისთვის, თუ რაიმე გამოჩნდა. ტენდენციის მიხედვით, სხვა მასობრივ გადაშენებებში დომინანტი ახალი სახეობები ხდებოდნენ“, — ამბობს იგი.
მკვლევრები კლიმატის გრძელვადიან მოდელირებაზე იყვნენ ფოკუსირებული და მხედველობაში არ მიუღიათ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირბადი.
დევისი, რომელიც წარსულშიც სწავლობდა პანგეა ულტიმას წარმოქმნის საკითხს, ამბობს, რომ გარემოს ცვლილებებს შეიძლება ზოგიერთი ძუძუმწოვარი გადაურჩეს.
„გადაშენდება თუ არა ყველა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი შედეგია, მაგრამ არა ერთადერთი“, — ამბობს იგი.
ამას გარდა, გადაჭრით არც ის ვიცით, როდის ჩამოყალიბდება პანგეა ულტიმა. ფარნსვორთის მოდელირების მიხედვით, ის თბილ ტროპიკებში განლაგდება, მაგრამ სხვა სცენარების მიხედვით, ის შეიძლება ჩრდილოეთ პოლუსთანაც წარმოიქმნას, სადაც უფრო ცივი გარემო იქნება და სიცოცხლესაც გადარჩენის მეტი შანსი ექნება.
დევისის განცხადებით, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც, პანგეას და სხვა წინა სუპერკონტინენტებს დიდი შიდა უდაბნოები ჰქონდათ, რაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ხმელეთის რაოდენობას ამცირებდა და გადაშენებებს იწვევდა. ცნობილია, რომ სწორედ ასეთი რამ მოხდა ტრიასულ-იურული გადაშენებისას, დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ.
თუ ადამიანები 250 მილიონი წლის შემდეგ კიდევ არსებობდნენ, ფარნსვორთი ვარაუდობს, რომ მათ შეიძლება ნაპოვნი ჰქონდეთ ადაპტაციის გზა, რადგან დედამიწა მაშინ 1965 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანის, „დიუნის“ მსგავსი იქნება.
„ადამიანები უდაბნოს გარემოს სპეციალისტები გახდებიან, უფრო ღამის ბინადრები თუ მღვიმეებში იცხოვრებენ? ვფიქრობ, უფრო ხელსაყრელი იქნება, თუ ამ პლანეტიდან სხვაგან, სიცოცხლისთვის უფრო ხელსაყრელ პლანეტაზე გადავალთ“, — ამბობს ფარნსვორთი.
თუმცა, ყველაფერი შეიძლება არც ისე კატასტროფულად წარიმართოს.
„გადაშენებები წარსულშიც ყოფილა და მომავალშიც იქნება. ვფიქრობ, სიცოცხლე კვლავ მოძებნის თავის გზას. უბრალოდ, მორიგი საშინელი პერიოდი დაუდგება“, — ამბობს ჰანა დევისი.
კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nature.com-ის მიხედვით.