დედამიწის მოსახლეობა 83 მილიონი ადამიანით გაიზარდა, მსოფლიოში ყოველ 10 წამში 26 ბავშვი იბადება
დედამიწის მოსახლეობა გასულ წელთან შედარებით 83 მილიონი ადამიანით გაიზარდა. დღეისათვის ჩვენს პლანეტაზე 7 მილიარდ 635 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ მონაცემებს გერმანული ფონდი „დედამიწის მოსახლეობა” ავრცელებს.
მსოფლიოში ყოველ 10 წამში 26 ბავშვი იბადება. მოსახლეობის ზრდა განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში შეინიშნება. 2050 წლისთვის ყველაზე ცხელ კონტინენტზე მოსახლეობა 2.5 მილიარდს მიაღწევს. გერმანულ ფონდში განმარტავენ, რომ ღარიბ ქვეყნებში რიცხოვნობის ზრდას ხელს უწყობს დაუგეგმავი ორსულობები, რაც თავის მხრივ, სექსუალური განათლების დაბალი დონითა და კონტრაცეპტივების სიმცირით არის განპირობებული.
მოსახლეობის ზრდა ევროკავშირში
ევროკავშირის მოსახლეობა 2018 წლის 1-ლი იანვრისთვის 512,6 მილიონ კაცამდე გაიზარდა. 2017 წლის მონაცემებით, აქ სიკვდილიანობამ 5.3 მილიონი, ახალშობილთა რიცხვმა კი, 5.1 მილიონი შეადგინა . მკვლევარების თქმით, მოსახლეობის ზრდას მიგრაციამაც შეუწყო ხელი, 1.1 მილიონი ადამიანით.
ევროკავშირის ყველაზე დასახლებული ქვეყანა გერმანიაა. აქ 82.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სიაში მეორე საფრანგეთია 67,2 მილიონი კაცით, მესამე ადგილს კი დიდი ბრიტანეთი იკავებს, 66.2 მილიონი ადამიანით.
კვლევის თანახმად 2030 წლისთვის მოსახლეობის 60% ქალაქებში იცხოვრებს
ქალაქების მცხოვრებთა რიცხვი 2030 წლისთვის ერთი მილიარდით გაიზრდება და 5.2 მილიარდ ადამიანს შეადგენს, რაც პლანეტის მოსახლეობის 60%-ს შეესაბამება.
დღეისთვის მსოფლიოში 548 ქალაქია, სადაც მოსახლეობის რიცხვი მილიონს აღემატება. მათგან 33-ში კი მოსახლეობის ოდენობა 10 მილიონს აჭარბებს.
გაეროს მონაცემებით, უმსხვილესი მეგაპოლისი იაპონიის დედაქალაქი ტოკიოა, 37 მილიონი მცხოვრებით.
მეგაპოლისების სიაში, რიგით მეორე ინდოეთის დედაქალაქი ნიუ-დელია. აქ მცხოვრებთა რიცხვი 29 მილიონს აღემატება. მესამე ადგილს კი, შანხაი იკავებს 26 მილიონი მაცხოვრებლით.
გაეროში ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის მილიონიანი ქალაქების რიცხვი 700-ს გადააჭარბებს. იმ მეგაპოლისების რიცხვი კი, სადაც 10 მილიონზე მეტი მოქალაქე იცხოვრებს, 43 იქნება. მსოფლიოს ყველაზე დასახლებული დედაქალაქი კი, ნიუ-დელი გახდება, სადაც 2030 წლისთვის უკვე 40 მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს.