დედამიწის ბირთვის გარშემო გადაჭიმული ცხელი, მკვრივი მატერიის ბუშტები იმაზე ფართოდ არის გავრცელებული. ვიდრე ამას ადრინდელი კვლევები მიუთითებდა.
მიწისძვრის მონაცემთა ანალიზის ახალმა მეთოდმა, პლანეტის ბირთვისა და მანტიის საზღვარზე გამოავლინა კონტინენტის ზომის ზონები, რომლებიც წარსულშიც იყო დაფიქსირებული, მაგრამ სულ რამდენიმე.
ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის ეს ბუშტები — შეიძლება ეს იყოს მაგმა, ბირთვიდან გამოჟონილი გამდნარი რკინა ან რაღაც სხვა, მაგრამ მათი განლაგების უფრო სრული, დეტალური რუკა ნამდვილად დაგვეხმარება დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესების უკეთ შესწავლაში.
ბირთვის საზღვარი დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 2900 კმ სიღრმეზე მდებარეობს. ამხელა მანძილი წარმოუდგენლად მიუწვდომელია და შესაბამისად, თუ გვსურს გავიგოთ იქ მიმდინარე მოვლენები, უნდა გამოვიჩინოთ კრეატიული მიდგომა. საბედნიეროდ, დედამიწას აქვს თანდაყოლილი ხელსაწყო, რომელიც მისი „შიგნეულობის“ შესწავლაში გვეხმარება — მიწისძვრები.
დედამიწის წიაღის შემადგენლობის რეკონსტრუქციისა და რუკაზე დატანის საშუალებას იძლევა ის ფაქტი, რომ ბიძგები და რყევები პლანეტის წიაღის სხვადასხვა მასალაში სხვადასხვანაირად გაივლის.
სწორედ ასე გამოავლინეს ათწლეულების წინ სუპერცხელი მატერიის ბუშტები ბირთვისა და მანტიის საზღვარზე.
იმის გამო, რომ სიცხე ძლიერ დნობას იწვევს, ეს ზონები მიწისძვრების სიჩქარეს ანელებს და შესაბამისად, მათ ულტრადაბალი სიჩქარის ზონებს უწოდებენ.
თუმცა, მიწისძვრები ხანდახან არადამაკმაყოფილებელი ხელსაწყოა და მხოლოდ მწირ ინფორმაციას გვაძლევს. საჭიროა ელოდო მიწისძვრას და თითოეული მიწისძვრა ინფორმაციას გაძლევს მხოლოდ ვიწრო ზონის შესახებ; სუსტი სიგნალი შეიძლება დაიკარგოს კიდეც.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მერილენდის უნივერსიტეტის, ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევრებმა უჩვეულო წყაროს მიმართეს — ვარსკვლავებს.
არა, ნამდვილ ვარსკვლავებს კი არა, ვარსკვლავების შესასწავლ ალგორითმს. მას სეკვენსერს (Sequencer) უწოდებენ და შექმნილია დიდი ოდენობით ასტრონომიული მონაცემების დამუშავებისთვის.
როგორც ჩანს, ამ ალგორითმს სეისმური მონაცემების კვლევაც ძალუძს. თანაც ძალიან ბევრი მონაცემის.
მკვლევრებმა მასში შეიტანეს 30 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები — სეისმური ტალღის ერთი კონკრეტული ტიპის დაახლოებით 7000 სეისმოგრამა; ამით ისინი ეძებდნენ სეისმურ ექოებს, რომლებიც ულტრადაბალი სიხშირის იმ ზონების მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო, რომლებიც შეიძლება, წინა ანალიზების დროს გამოგვრჩა. და მათ ეს შეძლეს.
„ბირთვი-მანტიის საზღვრის ერთდროულად რამდენიმე ექოს ნაცვლად ერთდროულად ათასობით ექოზე დაკვირვებისას, სრულიად ახალი სურათი მივიღეთ“, — ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის გეოლოგი დოიენ კიმი.
მისი თქმით, ეს გვიჩვენებს, რომ ბირთვისა და მანტიის სასაზღვრო რეგიონს ასეთი ექოების წარმომქმნელი მრავალი სტრუქტურა აქვს, რასაც აქამდე ვერ ვაცნობიერებდით, რადგან მხოლოდ ვიწრო ხედვა გაგვაჩნდა.
„სეკვენერით“ მიღებულმა შედეგებმა აზიასა და ოკეანეთში მომხდარი მიწისძვრების სეისმურ ტალღის ფორმებში გამოავლინა ოდნავი ცვლილებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წყნარი ოკეანის სამხრეთში, მარკიზის კუნძულების ქვეშ, არის ულტრადაბალი სიჩქარის ზონა, რომელიც აქამდე დაფიქსირებული არ გვქონდა.
„გაოცებული დავრჩით, როდესაც მარკიზის კუნძულების ქვეშ ვიპოვეთ ამხელა წარმონაქმნი, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით. ნამდვილად ამაღელვებელია, რადგან გვიჩვენებს, როგორ შეუძლია ალგორითმ „სეკვენერს“ სეისმოგრამულ მონაცემთა კონტექსტუალიზაციაში იმ გზით დაგვეხმაროს, რაც აქამდე არ შეგვეძლო“, — ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის გეოლოგი ვედრან ლეკიჩი.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ჰავაის ქვეშ არსებული ულტრადაბალი სიჩქარის ზონა, რომელიც მეცნიერებისთვის უკვე ცნობილი იყო, მოსალოდნელზე ხმამაღალ ექოებს წარმოქმნის. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ის იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე წინა კვლევები მეტყველებდა.
საერთო დასკვნები მიუთითებს, რომ დედამიწის შიგნეულობა ბუშტებით იმაზე მეტად არის დაფარული, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
ლეკიჩის თქმით, ექოები სეისმური ტალღების 40 პროცენტის შემთხვევაში იპოვეს, რაც მოულოდნელობაა, რადგან ისინი ამდენ ასეთ წარმონაქმნს არ ელოდნენ და რაც იმას ნიშნავს, რომ ბირთვისა და მანტიის საზღვარზე ანომალიური სტრუქტურები იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ეგონათ.
რადგან ალგორითმმა „სეკვენერმა“ ეფექტიანობა ერთი ტიპის ტალღებზე აჩვენა, ჯგუფი მის გამოყენებას ახლა სხვა ტიპისა და სიხშირის ტალღებზეც გეგმავს. ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება მივიღოთ დედამიწის წიაღის ახალი, მაღალი რეზოლუციის რუკა.
გარდა ამისა, ახლად გამოვლენილი ფიზიკური მახასიათებლები გეოლოგებს შეიძლება დაეხმაროს ამ სტრუქტურების ქიმიური შემადგენლობისა და ტემპერატურის განსაზღვრაში, რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს დედამიწის გულის გარშემო შემოხვეული ამ უცნაური, მკვრივი ზონების საიდუმლოს ამოხსნასთან.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.