დედამიწაზე აღრიცხული ობობის სახეობათა რაოდენობამ 50 000-ს მიაღწია — #1tvმეცნიერება
15:00, 07.04.2022
ობობათა მსოფლიო კატალოგის (WSC) ახალი მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში ობობის ჩვენთვის ცნობილი 50 000 სახეობაა და შეიძლება არსებობდეს კიდევ 50 000, რომელთა შესახებ ჯერ არ ვიცით.
ობობათა მსოფლიო კატალოგი შვეიცარიის დედაქალაქ ბერნის ბუნების ისტორიის მუზეუმს ეკუთვნის. მათი ცნობით, რეგისტრირებული 50 000-ე ობობაა Guriurius minuano, რომელიც მხტუნავ ობობათა ოჯახ Salticidae-ს ეკუთვნის, მსხვერპლზე ბუჩქებსა და ხეებზე ნადირობს და გავრცელებულია სამხრეთ ბრაზილიაში, ურუგვაიში და ბუენოს-აირესის გარშემო.
ის ბრაზილიელმა არაქნოლოგმა (არაქნოლოგია — ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის ობობასნაირებს) კიმვერლი მარტამ და მისმა კოლეგებმა აღწერას. სახელი ამჟამად გამქრალი ხალხის, მინუანეს პატივსაცემად უწოდეს, რომლებიც ამ ზონაში ცხოვრობდნენ.
ობობების პირველი სამეცნიერო აღწერა 1757 წელს ჩატარდა; მიუხედავად იმისა, რომ აღწერილთა რაოდენობის 50 000-მდე მიღწევას 265 წელიწადი დასჭირდა, აღმოჩენის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება და მიჩნეულია, რომ კიდევ ერთი ამდენის აღმოჩენა ას წელზე ნაკლებ პერიოდში მოხდება.
„ვვარაუდობთ, რომ ბუნებაში ჯერ ისევ აღმოუჩენელია ობობის კიდევ დაახლოებით 50 000 სახეობა“, — წერს ობობათა მსოფლიო კატალოგი.
ობობების კატალოგი მუზეუმის ვებგვერდზე უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
„ობობები დედამიწის სახმელეთო ჰაბიტატთა ყველაზე მნიშვნელოვანი მტაცებლები არიან; მათი ეკოლოგიური მნიშვნელობა სათანადოდ უნდა შეფასდეს“.
კატალოგის მონაცემებით, ობობები წელიწადში დაახლოებით 400-800 ტონა მწერს მოიხმარენ და მწერთა პოპულაციების ყველაზე მნიშვნელოვანი მარეგულირებლები არიან. შესაბამისად, მათ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვთ ადამიანისთვის.