დედაენის დღესთან დაკავშირებით, თსუ-მ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი რამილია ალიევა დააჯილდოვა
გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს პირველი არხის ჯგუფ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი რამილია ალიევა ოქროს მედლით დააჯილდოვა.
ჟურნალისტი რამილია ალიევა თსუ-ში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება დღეს გაიმართა, რომელზეც ქართული ენის სწავლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ. ჯილდო გადაეცათ გერმანიის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ავსტრიის ელჩებს.
ღონისძიებაზე უნივერსიტეტის მუზეუმის ფონდებში დაცული ფოტოები და ხელნაწერები გამოიფინა. მათ შორის, აღსანიშნავია 1918 წლის ოქტომბრის კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, რომელსაც ნოე ჟორდანია და ნიკოლოზ ჩხეიძე აწერენ ხელს.
ენის დღესთან დაკავშირებით, თსუ ბიბლიოთეკამ ასევე გამოფინა ფონდებში დაცული უნიკალური საარქივო მასალა აკაკი და კიტა ჩხენკელების პირადი არქივიდან: საარქივო დოკუმენტები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ხელნაწერები, უნიკალური ფოტომასალა.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.