დედა ენის ბაღში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
დედა ენის ბაღში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 14 აპრილს, დედა ენის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 12:00 საათიდან გაიმართება.
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
„ხვალ, დილის 12:00 საათიდან საღამოს 09:00 საათამდე ყველას ველოდებით დედა ენის ბაღში, სადაც მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, ასევე, იგეგმება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ენის დღესთან დაკავშირებით. მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, პარალელურ რეჟიმში გაიმართება წიგნების პრეზენტაციები, რომელთა ავტორები ამონარიდებს წაიკითხავენ საკუთარი წიგნებიდან. ასევე, ხვალ ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საკუთარი ხელით დაამზადოს ქართული ასოები, მოხატოს 1920 წელს გამოცემული დედა ენა, რამდენიმე გვერდი დაბეჭდოს და სამახსოვროდ წაიღოს. ზუსტად 19:00 საათზე კი დაიწყება დათო ევგენიძის კონცერტი „ანიდან ჰოემდე“, რომელიც დედაენის დღეს ეძღვნება“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
დედაენის ძეგლთან, ასევე, გაიმართება თბილისის შანიძის სახელობის ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი.
მერიის ცნობით, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი დაასრულებს.
ამასთან, ბაღში განთავსდება იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან „დედა ენის“ სტამბური კლიშეები და ამ სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები, ასევე, „დედა ენის“ შესახებ რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“.