„დედაენის ბაღიდან“ პოლიციამ 11 პირი გადაიყვანა
„დედაენის ბაღიდან“ პოლიციამ 11 პირი გადაიყვანა

„დედაენის ბაღიდან“ პოლიციამ 11 პირი გადაიყვანა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქედან სამი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი რვა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაზეც შსს-ს გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.

მანამდე „დედაენის ბაღში“ დააკავეს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

შსს „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.

აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

„როგორც იცით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამინისტროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით უკვე დაწყებული აქვს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ დღეს „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს“ მართავს.

ფესტივალის პარალელურად, „დედა ენის“ ბაღთან კონტრაქცია მიმდინარეობს, რომელიც სოციალურ ქსელში დაიგეგმა. კონტრაქციის მონაწილეები „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს“ აპროტესტებენ.

შსს-ს ინფორმაციით, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვაზე განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.