დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა დასრულდა
დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა დასრულდა

დებიუტანტი ავტორებისთვის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ შემოქმედებითი პროგრამა დასრულდა. როგორც აღინიშნა, პროგრამა ითვალისწინებდა დამწყები ავტორების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობასა და არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მათი კარიერის დასაწყისშივე, რაც, მომავალში, ღირებული ტექსტების შექმნაში დაეხმარება.

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების ინფორმაციით, ექსპერტთა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მწერალი და დრამატურგი, დათო გაბუნია, მწერალი, მთარგმნელი და რედაქტორი, ირმა ტაველიძე და რედაქტორი, ქეთი ნიკოლეიშვილი, წინასწარ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შეარჩია ათი დებიუტანტი ავტორი: თამთა მგალობლიშვილი, დიმიტრი მაისურაძე, საბა შოშიტაშვილი, დიმიტრი გოგიაშვილი, ირაკლი გურული, ნათია ჟვანია, ნინო წიწავა, ნოდარ დიასამიძე, თაკო წულაია და ნინა ხუციშვილი.

მათ მიერ საკონკურსოდ გამოგზავნილ ნაწარმოებებზე, ექსპერტებმა მოამზადეს ინდივიდუალური კრიტიკული წერილი, რაც მოიცავდა როგორც რჩევებს, ისე ფუნდამენტურ შეცდომებზე მითითებას.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.