დაზვერვის სამსახურში თავდაცვისა და უშიშრობის კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს
დაზვერვის სამსახურში თავდაცვისა და უშიშრობის კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს

დაზვერვის სამსახურში თავდაცვისა და უშიშრობის კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები წლიურ ანგარიშს მოისმენენ და ხელმძღვანელ პირებს კითხვებით მიმართავენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დაწყებისას ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის წევრები ადგილზე გაეცნობიან სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ შეხვედრას ექნება პერმანენტული ხასიათი, რამდენადაც დეპუტატები მუდმივად უნდა იყვნენ ინფორმირებული რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ასევე, იმ გამოწვევებთან, საფრთხეებთან, რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში იყოს საყურადღებო, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს ვიყოთ ადეკვატურად აღჭურვილი“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციის წევრები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობენ დაზვერვის სამსახურს აკრიტიკებენ. „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ უწყებამ მეტად უნდა იაქტიუროს.

„ყოველდღიურად ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ძალიან მწვავე გამოწვევა უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელსაც ქმნის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთის აგრესიული ნაბიჯი, არის განგრძობადი, და ასეთ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად ყოველდღიურად უხეშად ირღვევა საქართველოს მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ როგორც დაზვერვის, ასევე უსაფრთხოების სამსახურის რესურსები მაქსიმალურად იხარჯებოდეს სწორედ ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.