დავით ზურაბაშვილი - ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად ჯანმრთელ ბავშვთან გვიწევს მუშაობა და მშობლის გამოსწორება უფრო გვიწევს
ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად ჯანმრთელ ბავშვთან გვიწევს მუშაობა და მშობლის გამოსწორება უფრო გვიწევს, – ამის შესახებ ფსიქიატრმა, პროფესორმა დავით ზურაბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამიტომ, როცა ბავშვს სკოლის ან გარე ბულინგისგან ვიცავთ, პარალელურად, გვჭირდება მშობლისგან დაცვა. ძალადობა გარედან, თუ იმ საყვარელი ადამიანისგან, რომელმაც შენ უნდა დაგიცვას, შენს ფსიქიკაში ტოვებს ლაქას, რასაც ხვალ და ზეგ, მომავალში აუცილებლად მივიღებთ“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ბულინგი იყო, არის და იქნება. უბრალოდ, ის ფორმას, გამოვლინებას, ასაკს და ა.შ შეიცვლის, მაგრამ პრევენციისთვის ისევ და ისევ განათლებაა საჭირო.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, სისტემატურმა ბულინგმა ბავშვი ან ზრდასრული ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანოს, დავით ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ამან ადამიანი ნევროზამდე და ხასიათის თავისებურ ჩამოყალიბებამდე მიიყვანოს, მაგრამ ის, რასაც საზოგადოება სულით ავადმყოფობას, ფსიქოზს და ა.შ. ეძახის, გამორიცხულია.
ფსიქიატრმა ასევე განაცხადა, რომ საკუთარ თავზე მიმართული ბულინგი უფრო ხშირია, ვიდრე გარეთ მიმართული ბულინგი, მაგრამ ამას ვერავინ ხედავს.
„ჩემი თხოვნა იქნება, იმან, ვინც ამ დარგში მუშაობს, ბავშვებთან მუშაობისას ყურადღება მიაქციონ იმ ბავშვს, რომელიც კუთხეში თავისთვის, ჩუმად ზის და ხმას არ იღებს. მიაქციეთ ყურადღება, რატომ აბულინგებს ის საკუთარ თავს“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.
როგორც ზურაბაშვილმა აღნიშნა, მცირე, ყოველდღიური ბულინგი შესაძლოა, განვითარების საშუალება იყოს.
„ბულინგი არის წინააღმდეგობა, რომელიც ხელს გიშლის რაღაცის გაკეთებაში, ან რაღაცის გაკეთებას გაიძულებს. ბულინგი იმ ფორმით, რომელიც ადამიანს და საზოგადოებას ზრდის, ალბათ, საჭიროა. უბრალოდ, ჩვენ საზოგადოებას ამ ბულინგის დაძლევა უნდა ვასწავლოთ“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ართულებს თუ არა მდგომარეობას ის მოცემულობა, როდესაც სოციუმის ერთი ჯგუფი ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგაა, ფსიქიატრმა განაცხადა, რომ ყველაფერს თავისი ციკლი აქვს და ჩვენი საზოგადოება ამ ციკლს ახლა გადის, მაგრამ ესეც გაივლის.
„ეს არის პერიოდი, რომელმაც უნდა გაიაროს. უბრალოდ, ჩვენ ამ პერიოდში ახლა ვართ“, – განაცხადა დავით ზურაბაშვილმა.