დავით ზილფიმიანი - როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, ზუსტად ასევე სჭირდება ევროპას ჩვენი ქვეყანა
როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან გაერთიანება, ზუსტად ასევე სჭირდება ევროპას ჩვენი ქვეყანა. ეს იგრძობა უკვე რამდენიმე თვეა და ამის ნიშნები სამი-ოთხი თვის წინ გამოჩნდა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.
მისი თქმით, სწორედ ეს ძირეული გარდატეხა არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
„თქვენ გიწევთ და მოგიწიათ პრემიერობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ეპოქაში. ამას ემატება პოლარიზაცია და შიდა მტრობა, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, შესაძლებლობის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური წარმატებები – ეს ფაქტია და რა ურთიერთობაშიც უნდა იყოს მმართველ ძალასთან სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსი, ამის უთქმელობა არ შეიძლება. პირველად მოხდა, რომ მრავალი ათეული წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნა აკაკუნებდა ევროპის კარზე და ეს იყო ჩვენი ხალხის სურვილი. ასეთივე დიდი სურვილი და მონდომება მაინცდამაინც არ იკითხებოდა ჩვენი ევროპელი ძმების, პარტნიორების მხრიდან. ყველაზე დიდი და მთავარი, რაც პირველად მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის, არის ამ მიმართულებით ძირეული გარდატეხა. საბოლოოდ, მოხდა იმის აღქმა, რომ როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან გაერთიანება, ზუსტად ასევე სჭირდება ევროპას ჩვენი ქვეყანა. ეს იგრძნობა უკვე რამდენიმე თვეა და ამის ნიშნები სამი-ოთხი თვის წინ გამოჩნდა. უნდა ვთქვა, რომ თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით პირადი ურთიერთობებითაც და ზოგადად, ჩვენმა ქვეყანამ ამაზე მოახდინა ძალიან დიდი გავლენა“, – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.