დავით ზილფიმიანი - ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ პარადოქსული ვითარებაა
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ ცოტა პარადოქსული სიტუაცია არის, რადგან ნიკა მელიას განცხადება პარლამენტში მაგიდაზე დევს და იმუნიტეტის მოხსნა, ერთმანეთთან გაუგებარია, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.
როგორც დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
„დასჯაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იქნებ, რაიმე ფორმის გამონახვა იყო შესაძლებელი და გირაოს შეტანა მომხდარიყო. ამ საკითხს დაარეგულირებდა. ბევრი პარადოქსია – გირაო არ შედის, მეორეს მხრივ, უფლებამოსილების შეწყვეტა არ გვინდა და თან იმუნიტეტის შეწყვეტაზე განცხადება დაწერილი აქვს. ჩემთვის ბევრი რამე გაუგებარია“, – განაცხადა ზილფიმიანმა.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.