დავით ზილფიმიანი - მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა კრიტიკას ვერ უძლებს, ოპოზიციის არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ყოფილა მიღებული
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა კრიტიკას ვერ უძლებს.
მისი თქმით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ყოფილა მიღებული.
დავით ზილფიმიანი პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის არჩილ თალაკვაძის გამოსვლა საინფორმაციო ხასიათის იყო.
„მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა კრიტიკას ვერ უძლებს. წარმოგიდგენიათ, მეცხრე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ყოფილა მიღებული. ანუ, არ არსებობს ოპოზიციის მიერ განხორციელებული რამე ცვლილება. ეს დღეს გავიგე და სასწაულია. კრიტიკა არის იმ დროის დაკარგვაზე, რაც ხდებოდა, ეს წიწი-მიწი, მეცხრე მოწვევის პარლამენტში. რეალურად, დრო იმაზე კი არ იხარჯებოდა, რომ კანონი ბოლომდე მიეყვანათ და რამე განეხორციელებინა თუნდაც ოპოზიციას, არამედ დრო იხარჯებოდა იმაზე, ერთმანეთისთვის ტალახი ესროლათ, ელანძღათ და ეგინათ. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას ფორმატზე, მინდა, ობიექტური ვიყო. როცა ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლა ითხოვა, ეს უფლება არ მისცეს, ხოლო შემდეგ სიტყვით გამოსვლის საშუალება გვქონდა, მაგრამ ამ მომენტში გასული იყვნენ სხდომათა დარბაზიდან. არჩილ თალაკვაძის გამოსვლა ჩემთვის საინფორმაციო იყო, შემდეგ ანგარიშებს უფრო შევაფასებ“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.