დავით ზილფიმიანი - იმედს ვიტოვებ, გარეთ დარჩენილ ოპოზიციასაც მალე ვიხილავთ პარლამენტში
იმედს ვიტოვებ, გარეთ დარჩენილ ოპოზიციასაც მალე ვიხილავთ პარლამენტში, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა პარლამენტში.
„ძალიან მახარებს კონსტრუქციული ოპოზიციის რაოდენობის ზრდა პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კონსტრუქციულობა ამით გაიზრდება. ვიცი, რომ თქვენც გვერდით დაგვიდგებით, რომ არ დავამსგავსოთ დღევანდელი პარლამენტი მეცხრე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს, სადაც მტრობის, ლანძღვისა და ღვარძლის მეტი არაფერი სუფევდა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის განწყობა, რაც ერთმანეთისადმი გვაქვს დღეს, მიუხედავად ზღვა შეურაცხყოფებისა. თქვენ გაქვთ ჩემი გამოწვდილი მეგობრული და კოლეგიალური ხელი. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც შევძლებთ ქვეყნის სასიკეთოდ ურთიერთმეგობრულ და კოლეგიალურ ქმედებებს. იმედს ვიტოვებ, გარეთ დარჩენილ ოპოზიციასაც მალე ვიხილავთ პარლამენტში. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გვიხარია“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.