დავით ზილფიმიანი - ჩვენი პარტია მოწოდებულია, რათა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს
დავით ზილფიმიანი - ჩვენი პარტია მოწოდებულია, რათა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს

ჩვენი პარტია მოწოდებულია, რათა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანი განაცხადა.

როგორც დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, „ევროპელი სოციალისტები“ ამ ეტაპზე მყარი ოპონირების ფაზაში არიან, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავენ.

„დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველივე საპარლამენტო არჩევნებზე, ეს იქნება ბლოკებით, ეს იქნება ცალკე, მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ მაგიდაზე დავდებთ განსხვავებით ბევრი პარტიისა არა ათწლიან, ოცწლიან და ასწლიან პროგრამებს, არამედ ერთი საპარლამენტო ვადით გასაკეთებელ საქმეს. მიგვაჩნია, რომ ეს სავსებით შესაძლებელია და ამაში მალე დარწმუნდებით. უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი, სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებული. ხალხმა იმ დიდი ღარიბი ფენიდან უნდა გადაინაცვლოს საშუალო ფენაში, ეს არის ქვეყნის სიძლიერე. ჩვენ, ისევე როგორც ევროპის ევროსოციალისტური პარტიები, ზუსტად მსგავსი, ანალოგური პროგრამები გვექნება. ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევები, ოპოზიცია ოპოზიციას არ ჰგავს. მიმაჩნია, რომ ოპოზიციური ძალები რაც მეტი იქნება პარლამენტში, უკეთესია, არც არაფერი მოხდება თუ არ შევლენ პარლამენტში. თავისი ქვეყნის სიყვარულით უნდა შევიდნენ პარლამენტში, თორემ არშესვლით მხოლოდ და მხოლოდ კომფორტს შეუქმნიან მმართველ ძალას, მეტი არაფერი. ვიწყებთ და თქვენ ნახავთ ახლა ჩვენი პარტიის დაპირებებსაც და რეალურ ქმედებებსაც, რასაც ჩვენ განვახორციელებთ“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა.

კითხვაზე, ზუსტად იმის გამო, რომ პარლამენტში შეხვედით გახდით ოპოზიციის ერთი ნაწილის კრიტიკის ადრესატები, უფრო მეტიც, ისინი ამბობენ, რომ ახალი პარტიის შექმნა პოლიტიკურ ველზე არაფერს შეცვლის, როგორ უპასუხებთ მათ ასეთ განცხადებებს, ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ სიტყვების რახა-რუხია.

„ფაქტები სულ სხვა რამეზე მიუთითებენ. ჩვენ შემოვედით, გადაწყვეტილება მივიღეთ პარტნიორებთან კონსულტაციით, მაგრამ მათგან განსხვავებით, ჩვენ კონსულტაციები არ გვიტარებია მმართველ პარტიასთან. არ მიმაჩნია, რომ ვინმეზე ნაკლები წვლილი გვაქვს შეტანილი ქვეყნის საქმეში. როდესაც ვინმეს აკრიტიკებ, ჯერ დაფიქრდი, ხარ იმაზე მეტად პროდასავლური? ან საერთოდ გაგიკეთებია ქვეყნისთვის იმდენი, რამდენიც იმას, ვისაც აკრიტიკებ? სასაცილოა. ვურჩევ, ცოტა ღირსეულად მოექცნენ თავისი პარტიის წევრებს და მართლა გამოკითხონ, როგორც ეს ღირსეულად გააკეთა „პატრიოტთა ალიანსმა“, ნუ ექცევიან თავის პარტიის წევრებს ასეთი იგნორით. ახლა „ნაცმოძრაობის“ ხელწერა გასაგებია, კაი ბიჭია ვინმე და წინ დაუდგეს ხელმძღვანელობას, მათში ხომ არ არის ეს თანასწორობა- არა, ამიტომ მოდით, ცოტა აზრზე მოვიდნენ, გამოკითხონ თავის წევრები და ვნახოთ განცხადებები, ვის უნდა და ვის არ პარლამენტში შესვლა“, – განაცხადა ზილფიმიანმა.