დავით ზილფიმიანი - 2024 წლის არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებულია, ამ არჩევნებზე ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პროგრამებს, გეგმებსა და დაპირებებს
2024 წლის არჩევნები არის აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნები. ამ არჩევნებზე ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პროგრამებს, გეგმებს, დაპირებებს და ა.შ. – ამის შესახებ დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის დღევანდელ სესიაზე განაცხადა.
როგორც ზილფიმიანმა აღნიშნა, რეალობის გარდა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე შედეგებს განაპირობებს აღქმებიც.
„მინდა, ჩემი დღევანდელი განცხადება მივუძღვნა ქვეყნის მოსახლეობას და იმ კონსოლიდირებულ რეალიებზე ვისაუბრო, რომელიც დღეს გვაქვს. 2024 წლის არჩევნები არის აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნები. სახეზეა, რომ ამ არჩევნებზე ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პროგრამებს, გეგმებს, დაპირებებს და ა.შ. რა განაპირობებს 2024 წლის არჩევნების შედეგებს? აქაც პარადოქსული საკითხია. გარდა რეალობისა, შედეგებს განაპირობებს აღქმებიც, თანაფარდობა ორი სახის აღქმისა იქნება შედეგის დამდები ამ არჩევნებზე. ეს აღქმებია: რამდენი ადამიანი წავა არჩევანის გასაკეთებლად ომსა და მშვიდობას შორის და რამდენი ადამიანი წავა არჩევანის გასაკეთებლად ევროპასა და რუსეთს შორის? ვინ განაპირობებს არჩევნების შედეგებს? ქვეყანაში გვყავს დაახლოებით 15-20% მოსახლეობისა, რომელსაც აქვს რუსეთისკენ ორიენტაცია, მოსახლეობის 80-85% კი ევროპული ორიენტაციის არის.
პირველი ნაწილი არამობილური სეგმენტია, რომელიც ერთსა და იმავე საარჩევნო სუბიქეტებს აძლევს ხმას. მეორე, დასავლური ორიენტაციის ნაწილი, თავისთავად ორად არის გაყოფილი. უკვე წლებია, გარკვეული ოდენობა უცვლელად აძლევს ხმას „ნაციონალურ“ სეგმენტს, მიუხედავად იმისა, რა გადანაწილებებია იმ სეგმენტში.
სწორედ მეორე ნაწილი ჩვენი პროევრეპული მოსახლეობისა იყო, არის და იქნება ის ძირითადი სეგმენტი, რომლის გამოც დადგება ის შედეგი, რაც უნდა დადგეს. სწორედ ეს ნაწილი იყო, რომელმაც 2012 წელს უარი თქვა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაზე, სწორედ ამ ნაწილის ხმებმა მოიყვანა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ და სწორედ ამ ნაწილის ოჯახის წევრი ვარ, სწორედ ეს ხმები უზრუნველყოფს დღემდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას. დასანანია, რომ ველზე ძალიან მწირად არსებობს მიუკერძოებელი ოპოზიცია, რომელსაც შეიძლება არ ვუწოდოთ ნაცსეგმენტი, მაგრამ ასეთი ოპოზიციაც არსებობს. ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამ ამომრჩეველმა უნდა გაიყვანოს საცალფეხო ბილიკზე ეს ქვეყანა და დადგეს ის შედეგი, რაც ქვეყნისთვის აუცილებელია. ღმერთი იქნება ჩვენი მფარველი. დარწმუნებული ვარ, გადავლახავთ იმ პრობლემებს, რომლებიც შეიქმნა“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.