დავით ზალკანიანი - უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისში კონსულტაციებზე იმყოფება, ეს კონსულტაციები შეიძლება, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე იმყოფება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს კონსულტაციები შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.
„უკრაინაში ჩვენი ელჩი კონსულტაციებზე იმყოფება. კონსულტაციების პროცესი რამდენ ხანს გაგრძელება, ვერ გეტყვით. შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.
ამავე დროს, ბუნებრივია, ჩვენ ვართ კავშირზე ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, რადგან აუცილებელია, მსგავსმა გამონათქვამებმა არ მიაყენოს ზიანი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამაზე არამარტო საქართველომ, არამედ უკრაინულმა მხარემაც უნდა იზრუნოს, რადგანაც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არ უნდა არსებობდეს არანაირი პრობლემური საკითხები. არ იგულისხმება მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, მას ჰქონდა შესაბამისი შეხვედრა შესაბამის უწყებებთან.
მოგეხსენებათ, ორმხრივი ურთიერთობები არ არის შემოსაზღვრული მარტო დიპლომატიური ურთიერთობებით, ეკონომიკაც არის, ტურიზმიც, ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული მნიშვნელობის საკითხები, ამიტომ ეს კონსულტაციები შეიძლება, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ოფიციალურმა თბილისმა თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს.