დავით ზალკალიანს კოლეგები სხვადასხვა ქვეყნიდან ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ
ისრაელის, ჩინეთის, ბელარუსის, ესტონეთისა და სლოვენიის პირველი დიპლომატები, დავით ზალკალიანს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ.
„ისრაელს და საქართველოს შორის ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობაა. ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ორ ათასწლეულს ითვლის და მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორია აქვს. ველი თქვენთან ერთად მუშაობას, ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების მოძიებას,“ – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბი აშკენაცის მისალოც წერილში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვანგ ი, ასევე გამოთქვამს სურვილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერების აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების დამკვიდრების შემდეგ, საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობა სტაბილურად და ნაყოფიერად ვითარდება.
თავის მიმართვაში, ბელარუსის პირველი დიპლომატი, ვლადიმირ მაკეი გამოთქვამს იმედს, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები უფრო დინამიურად განვითარდება.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ურმას რეინსალუ კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ესტონეთი კვლავ გააგრძელებს როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ისე ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანჟე ლოგარის მიმართვაში ნათქვამია, რომ სლოვენია მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დიალოგის გაღრმავებას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წარმატებით გააგრძელებს ეკონომიკური, სოციალური კეთილდღეობისკენ მიმართული რეფორმების გატარებას და ევროკავშირთან კავშირების გაძლიერებას.
ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.