დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის, „ევროპული პოლიტიკისა და ანალიზის ცენტრის“ ხელმძღვანელთან გამართა შეხვედრა
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ვაშინგტონში წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის „ევროპული პოლიტიკისა და ანალიზის ცენტრის“ (Center for European Policy Analysis/CEPA) პრეზიდენტ და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან, დოქტორ ალინა პოლიაკოვასთან. ინფორმაციას ზალკალიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზალკალიანის ცნობით, საუბრისას ელჩმა ხაზი გაუსვა ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, ასევე, მისი უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების კუთხით შეერთებული შტატების მიერ გაწეულ უმნიშვნელოვანეს ძალისხმევას და მადლობა გადაუხადა ცნობილ ამერიკელ ექსპერტს წლების განმავლობაში, აღნიშნულ პროცესებში ცენტრის აქტიური ჩართულობისათვის.
მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რაც გახდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საფუძველი. საუბარი ასევე შეეხო ახლახან საქართველოს მიერ მიღებულ ევროპულ პერსპექტივას, რაც, საქართველოს ელჩის განცხადებით, წარმოადგენდა პოზიტიურ განვითარებას მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა იმაზე მეტს, ვიდრე ამ ეტაპზე მიიღო. ელჩის მიერ გამოითქვა იმედი, რომ რეფორმების შემდგომი წარმატებული იმპლემენტაციის შედეგად, საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ხოლო საქართველოს მთავრობა შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას სამომავლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების უზრუნველსაყოფად.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია და არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მნიშვნელობას, მათ შორის, აღნიშნულ პროცესში ვაშინგტონის უწყვეტი ლიდერობის უზრუნველყოფას.