დავით ზალკალიანი ვაშინგტონში უკრაინის ვიცეპრემიერს შეხვდა
დავით ზალკალიანი ვაშინგტონში უკრაინის ვიცეპრემიერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა უკრაინის ვიცეპრემიერთან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ ცინცაძესთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინის ისტორიულ მეგობრობას, ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.

საუბარი შეეხო საერთო გამოწვევებს და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციას. დადებითი შეფასება მიეცა შავ ზღვასთან დაკავშირებით ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალზე დამტკიცებულ ღონისძიებათა ახალ პაკეტს და აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის, არამედ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს და საქართველოსა და უკრაინის ხედვებს ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

მხარეებმა ისაუბრეს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებზე და ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საქმეში. საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობას.