დავით ზალკალიანმა სლოვაკეთში ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა
დავით ზალკალიანმა სლოვაკეთში ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა

სლოვაკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქართული ღვინის დეგუსტაციისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო, სადაც მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

„ქართული სადღეგრძელო „გაუმარჯოს“ სხვა ადამიანების გამარჯვების, კეთილდღეობის სურვილს გამოხატავს. მოდით, ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა სწორედ საერთო გამარჯვებას, კეთილდღეობას, წინსვლასა და წარმატებას მივუძღვნათ“, – აღნიშნა მინისტრმა ზალკალიანმა თავის სიტყვაში.

გამოსვლისას მან დადებითად შეაფასა ბრატისლავაში ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ფორმატის განვლილი პერიოდი და თანამშრომლობის სამომავლო მიზნები დასახეს. დავით ზალკალიანმა დამსწრე სტუმრებს ასევე გააცნო ის ხელშესახები შედეგები, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზამ მოუტანა.

ღონისძიებაზე ასევე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი ქართულ ღვინოზე, სადაც ისაუბრეს საქართველოში ღვინის ისტორიულ კულტურაზე, რასაც მოწმობს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები, საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკი 8000 წელს ითვლის და ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელი – ქვევრი. აღინიშნა, რომ „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

ქართული ღვინის დეგუსტაციას ესწრებოდნენ სლოვაკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

2019 წლის 5-6 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრატისლავას სტუმრობდა, სადაც ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.