დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებთან ვიდეოკონფერენცია გამართა
დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შემთხვევების მატების საკითხზე ვიდეოკონფერენცია გაიმართა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელების დინამიკა, ასევე ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩებისგან მოისმინა ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მხრივ არსებულ ვითარებასა და პრევენციის მხრივ ადგილობრივი მთავრობების მიერ გატარებული ზომების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ ქვეყნებში მუდმივად მცხოვრები ან დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს მოქალაქეებთან ინტენსიური და მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში რჩებიან.

„დამუშავებულ იქნა თითოეულ ქვეყანაში მოვლენათა განვითარების სხვადასხვა შემთხვევებში მოქმედების სცენარები, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის შესაძლებლობები და სხვა. მინისტრმა ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ქმედებებისა და შემზღუდავი ზომების შესახებ. ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, საბერძნეთში, ავსტრიაში და ნიუ იორკში. ვიდეოკონფერენციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.