საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჟან-ივ ლე დრიანთან.
საუბრისას, მინისტრებმა განიხილეს უკრაინის საკითხი. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის თანმიმდევრული და მტკიცე პასუხის მნიშვნელობას. განსაკუთრებული წუხილით აღინიშნა მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული მსხვერპლი.
ჟან-ივ ლე დრიანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთისა და ევროკავშირის ძალისხმევას უკრაინაში ვითარების დე-ესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა უკრაინის და საქართველოს მიმართ ოფიციალური პარიზის სრული სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და უერთდება ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების პოლიტიკურ განცხადებებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც საქართველო დღემდე განიცდის საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო.
მინისტრებმა გაიზიარეს პოზიცია, რომ აგრესია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რომ მძიმე შედეგების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც იმ დროს, ასევე საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მედიაციით შედგა.
საუბრის დასასრულს, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგი კვლავაც გაგრძელდება და წლის მეორე ნახევარში თბილისი დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფორმატს უმასპინძლებს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.