დავით ზალკალიანმა სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან დელფიმ სანტიაგო დას ნევესთან და სან-ტომე და პრინსიპის საპარლამენტო დელეგაციასთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს და სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის შემდგომი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.
საუბარი შეეხო ასევე, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას, ქვეყნებს შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსპექტივებს და მნიშვნელობას.
საგარეო უწყების ცნობით, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა დაადასტურა სან-ტომე და პრინსიპის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
სტუმართან საუბრისას დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ რთულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე და მადლობა გადაუხადა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის.