დავით ზალკალიანმა მაიკ პომპეოსთან ორგანიზებულ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა, რელიგიის თავისუფლების ალიანსის წევრი ქვეყნების ათ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით ვაშინგტონში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რელიგიის თავისუფლების საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე.
„დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის რელიგიური აღმსარებლობის მიღებისა და ადგილზე მდებარე ქართულ ტაძრებში ღვთისმსახურების შეზღუდვის თაობაზე ეთნიკური ქართველებისთვის. მინისტრმა, შექმნილი ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის აუცილებლობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს მონაწილეობა აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრაში ცხადყოფს საქართველო-აშშ-ის განსაკუთრებულ პარტნიორობას და ასევე, რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პროგრესს.
„ამ თემატიკის გარშემო აშშ-ის ინიციატივაში ჩვენი ქვეყნის ჩართვა კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, რომ ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანა, სადაც უზრუნველყოფილია რელიგიის თავისუფლება. ბუნებრივია, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამოვიყენე იმისათვის, რომ დეტალურად მესაუბრა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობაზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მაიკ პომპეომ და დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე ისაუბრეს.