დავით ზალკალიანმა, ჯინ შაჰინისა და პიტ რიკეტსის მიწვევით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სენატორების, ჯინ შაჰინისა და პიტ რიკეტსის მიწვევით მონაწილეობა მიიღო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წევრ სენატორებთან შეხვედრაში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ელჩებთან.
როგორც ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი, თანა-თავმჯდომარე პიტ რიკეტსი და სენატორი კრის ვან ჰოლენი.
აშშ-ში საქართველოს ელჩის ცნობით, შეხვედრაში, საქართველოსთან ერთად, ასევე, მონაწილეობდნენ აშშ-ში ბულგარეთის, თურქეთის, მოლდოვას, რუმინეთისა და უკრაინის ელჩები.
„სენატორებთან გამართული საუბრისას ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში შექმნილ გარემოსა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უსაფრთხოებისა და რეგიონთან თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით უკვე გადადგმულ და სამომავლო ნაბიჯებზე. სენატორებს მივაწოდე ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონში აშშ-ის ჩართულობის გაზრდასა და ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, მათ შორის, საქართველოსა და რეგიონში მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე“,- წერს ზალკალიანი „ფეისბუქზე“.