დავით ზალკალიანმა იაპონელ ხალს ეროვნული დღესასწაული, იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო იაპონიის ეროვნული დღის, იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას იაპონიის მთავრობას და ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ იაპონიას და საქართველოს საერთო ფუნდამენტური ღირებულებები – დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა აერთიანებთ.
„იაპონია გახლდათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პირველივე დღიდან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული და ძლიერი მხარდამჭერია“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იაპონიის დახმარებაზე საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების საქმეში.
ღონისძიებაზე აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ამ მხრივ ხაზი გაესვა გასულ წელს იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ნაყოფიერ ვიზიტებს, ისევე როგორც 2018 წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს ისტორიულ ვიზიტს საქართველოში.
დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის, ისევე როგორც ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა. ამ კონტექსტში აღინიშნა ქართული ღვინის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით 2019 წლის მარტში ტოკიოში გამართული გამოფენის მნიშვნელობა.
„კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ იაპონიისა და საქართველოს მეგობრობის ნიშნად, იაპონიის კომერციისა და მრეწველობის საზოგადოებების ცენტრალური ფედერაციისგან – თბილისს საჩუქრად 100 ძირი საკურას ხე გადაეცა. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსად ჩვენი ურთიერთობისა, საკურას ხეებიც გაძლიერდებიან და ყოველწლიურად მათი აყვავებისას შეგვახსენებენ ჩვენს ერებს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს“,- აღნიშნა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა ღონისძიების დასასრულს მადლობა გადაუხადა საქართველოში იაპონიის საელჩოს და იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას იმ აქტიური ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი სწევენ საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.