დავით ზალკალიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრისას საოკუპაციო ხაზთან სამი მოქალაქის დაღუპვის ფაქტზე ისაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა და ტოივო კლაარმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და საოკუპაციო ხაზთან დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსული ოკუპაციის რეალურ სახეს.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო მყისიერად მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას და აღნიშნულ საკითხს დააყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე და ეუთო-ში დაგეგმილ განხილვებზე, რათა აუცილებლად მოიხსნას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
ტოივო კლაარის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში მის დაგეგმილ ვიზიტზე და მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
„გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა მინისტრ ზალკალიანთან. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ჩემი ხვალ დაგეგმილი ვიზიტი აფხაზეთში, ასევე განვითარების პერსპექტივები, ის გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლების წინაშე დგას. ამასთან, ვისაუბრეთ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და ყურადღება გავამახვილეთ დღევანდელ ტრაგიკულ ინციდენტზე, ენგურის მდინარეში გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.
სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი
ამოიყვანეს. დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება. მოქალაქეები ოკუპირებული სოფელ თაგილონიდან შამგონაში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ.