დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივ კომიტეტს ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო
დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივ კომიტეტს ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივ კომიტეტს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთო-სთან და აღნიშნა ორივე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი ევროპის კონტინენტსა და მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში.

საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე საუბრისას დავით ზალკალიანმა კომიტეტის წევრებს გააცნო ის ღონისძიებები, რაც პრიორიტეტებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით თავმჯდომარეობის პერიოდში გაიმართება. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა ეუთო-ს და ევროპის საბჭოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე და ადგილზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოზე.

„მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეღწევადობის აუცილებლობას. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების შეფასებით, ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის წარმომადგენლების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და აღინიშნა, რომ თითოეული მათგანი ეხმიანება რეგიონში არსებულ გამოწვევებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ. მუდმივი კომიტეტის სხდომაზე ეუთო-ს მხრიდან გამოითქვა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ წამოყენებული პრიორიტეტების ეუთო-ს სივრცეში აქტუალიზებას.

„განცხადებები გაკეთდა საქართველოსთან ორმხრივ დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროკავშირის, აშშ-ს და სხვა წარმომადგენლების მხრიდან. მათ შორის აშშ-მ ხაზი გაუსვა საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ საქართველო გახლავთ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, სხდომაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს, მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან, აღნიშნა ორგანიზაციის განსაკუთრებული წვლილი დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების პროცესში და განაცხადა, რომ საქართველოს პრიორიტეტების ეხმიანება ყველა აქტუალურ საკითხს. მან დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირთან არსებულ თანამშრომლობას ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში.