დავით ზალკალიანმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილი მდგომარეობა განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, თომას გრემინგერთან განიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ბოლო განვითარებები, რასაც ადგილი ჰქონდა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის, მოსახლეობის გატაცებების გახშირებული ფაქტებისა, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო საგუშაგოს აღმართვის და სხვა დესტრუქციული ხასიათის ნაბიჯების გამო, რამაც განსაკუთრებულად აგრესიული ხასიათი მიიღო ბოლო პერიოდში. აღინიშნა, რომ აუცილებელია პროცესის შემდგომი დეესკალაციისთვის მხარეებმა მიმართონ მაქსიმალური ძალისხმევა და გამოიყენონ ყველა შესაძლო მექანიზმები უსაფრთხოების და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების უზრუნველსაყოფად.
„ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს გენერალურ მდივანს ეუთო-ს აქტიური ჩართულობისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ამ მხრივ, ხაზი გაუსვა ჟენევის თანათავმჯდომარეების მყისიერ ჩართულობას, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილზე შემდგომი გართულებების თავიდან არიდებას. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს და იმუშაოს ყველა მხარესთან ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.