საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გახსნა.
ზალკალიანი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და პანელის მონაწილეებს, ონლაინაუდიტორიას საინტერესო დისკუსიები უსურვა. მინისტრის განმარტებით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროპული საბჭოს, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.
დავით ზალკალიანის თქმით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან ერთად, მოიცავს ეკონომიკური შესაძლებლობების, რეგიონული განვითარებისა და სხვა საკითხებს.
„ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, მოგესალმოთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ, აჭარის გულში, ბათუმში. 17-ჯერ უმასპინძლა ამ უმშვენიერესმა რეგიონმა და ქალაქმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას, მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხილა მნიშვნელოვანი საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგში. ჩვენ ასევე გვქონდა მეგობრული, უშუალო ურთიერთობის, მასპინძლობის შესაძლებლობა. მადლობას ვუხდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს მასპინძლობისთვის. ეს შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა პირადი ჩართულობის და ძალისხმევის გარეშე, რომელიც ვიგრძენით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან.
მისი ძალისხმევის შედეგად ჩვენ ვმასპინძლობთ განსაკუთრებულ სტუმრებს და საქართველოს განსაკუთრებულ მეგობრებს. მინდა, გამოვთქვა ჩემი უთბილესი მისალმება ბატონი შარლ მიშელის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართ, ასევე მივესალმო მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსს და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის. ჩვენ პატივი დაგვდო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მონაწილეობას იღებს ამ კონფერენციაზე. ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია თავის დროზე ჩაფიქრებული იქნა, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის განხილვის შესაძლებლობა.
თავიდანვე, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელი წევრი სახელმწიფოების პარლამენტის და მთავრობის წევრები, ასევე მეცნიერები და ანალიტიკოსები ჩართული იყვნენ ევროპული ინტეგრაციის საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად, შესაძლებლობების განსახილველად, რომელიც გვეძლევა ამ გზაზე, იმ ახალი იდეების განსახილველად, რომელიც ეხება ევროკავშირთან ჩვენს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
კონფერენცია ახალ ეტაპზე გადადის და უფრო გამორჩეული მონაწილეები ესწრებიან მას. დღის წესრიგიც განსაკუთრებით შეცვლილია და მოიცავს რეგიონულ განვითარებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს შავი ზღვის რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში. ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის ასევე შესაძლებლობა, ურთიერთობები დამყარდეს ასობით მონაწილეს შორის და ალბათ ეს გვაკლია ყველაზე მეტად დღეს.
ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ჩვენ ყველანი უცნაური გარემოებების პირობებში ვარსებობთ და ეს განსაკუთრებული, სპეციალური ღონისძიება ამითაც არ ჰგავს წინამორბედებს. ჩვენ ვცდილობთ, ბათუმის კონფერენცია მრავალპანელური შეხვედრა იყოს, თუმცაღა პანდემიის გამო შევეცადეთ, რომ შეგვეცვალა მისი ფორმატი და ონლაინ რეჟიმში ჩაგვეტარებინა, რითიც დავიცავთ ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს ამ რისკებისგან.
მიხარია, რომ წელსაც მოვახერხეთ შეკრება განსაკუთრებული ექსპერტების, მეცნიერების და დებატები გაიმართება ახალ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე. ყველა ჩვენს პანელის მონაწილეს და ონლაინაუდიტორიას ვუსურვებ ძალიან საინტერესო დისკუსიებს დღის განმავლობაში, დღევანდელი შეკრების ბოლო აკორდი იქნება ლიდერების შეხვედრა. პრეზიდენტები, ევროპული საბჭოს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის პრეზიდენტები შეიკრიბებიან. ეს იქნება პირველი ერთობლივი შეხვედრა ასოცირების პარტნიორების ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. მიმაჩნია, რომ ეს განსაკუთრებული შეხვედრა იქნება ერთობლივი ნაკისრი ვალდებულების მაგალითი ევროკავშირის და ასოცირების პარტნიორების მიმართ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.