დავით ზალკალიანმა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკას უპრეცედენტო უწოდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკას უპრეცედენტო უწოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის საკითხებზე დავით ზალკალიანმა კოპენჰაგენში დანიის სამხედრო სწავლების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-სთან თანამშრომლობას სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში და ამ მხრივ განსაკუთრებული შეფასება მისცა სტრატეგიული ქარტიის ბოლო პლენარულ შეხვედრას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხელმძღვანელობდნენ. დავით ზალკალიანმა ისაუბრა ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში აშშ-ის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერაზე.
„თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას აღვნიშნავდი, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხში აშშ გახლავთ ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი. ამას ხაზი გაესვა მიმდინარე წელს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტისას. ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტი საქართველოში, რომელიც შედგა ნატო-ს სამიტამდე და წარმოადგენდა ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილსა და მხარდაჭერას საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის საკითხში, რა დროსაც მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან დროისა და შინაარსის გათვალისწინებით“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყნის ურთიერთობა უნდა გაუთანაბრდეს არსებული პოლიტიკურ თანამშრომლობის მაღალ დონეს. მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობის შესწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დავით ზალკალიანის განმარტებით, საქართველოს სახით რეგიონში სტრატეგიული პარტნიორის არსებობა აშშ-სთვის ქმნის დამატებით განზომილებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
მინისტრი საქართველოში ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ ბოლტონის ვიზიტსაც შეეხო და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას.
„სულ ახლახან, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მყისიერად ეწვია საქართველოს. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, სადაც განხილული იყო მრავალი თემა, მათ შორის საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური და რეგიონალური თემები“, – განაცხადა ზალკალიანმა.