დავით ზალკალიანმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ ადამ სმიტთან ვიდეოკონფერენცია გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვიდეოკონფერენცია გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ ადამ სმიტთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავით ზალკალიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კონგრესმენ სმიტს საქართველოს მიმართ მისი მრავალწლიანი ჩართულობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და მისი ნეგატიური გავლენები რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი, შექმნილი ვითარების ფონზე პარტნიორების მხრიდან საქართველოს კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას და ჩვენი ქვეყნის მედეგობის გაძლიერების კუთხით როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
საუბრისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.