დავით ზალკალიანისა და ჟან ივ ლე დრიანის შეფასებით, ამილახვარის დიალოგი კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს საქარველო-საფრანგეთის ურთიერთობას
დავით ზალკალიანისა და ჟან ივ ლე დრიანის შეფასებით, ამილახვარის დიალოგი კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს საქარველო-საფრანგეთის ურთიერთობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფრანგ კოლეგასთან ჟან ივ ლე დრიანთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრები მიესალმნენ „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრას, რომელიც ვიზიტის ფარგლებში პარიზში იმართება და გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტრატეგიული ფორმატის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც საფრანგეთმა მსგავსი სახის თანამშრომლობის ფორმატი დააფუძნა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის საქართველო – საფრანგეთის თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველო-გერმანია-საფრანგეთის ფორმატის ფარგლებში და გამოითქვა მზაობა, რომ აღნიშნულ ფორმატში გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას გააცნო ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებული მდგომარეობა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა არსებული ვითარების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას.

შეხვედრაზე საფრანგეთის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. გამოითქვა დაინტერესება თანამშრომლობის განვითარების სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთის წარმატებულ თანამშრომლობას უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, მათ შორის საქართველოს ჩართულობას ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში, ასევე ფრანგული სამხედრო ხომალდების ვიზიტს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

მინისტრმა ფრანგ კოლეგას ასევე მიუსამძიმრა მალიში ფრანგი სამხედროების დაღუპვის გამო. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წინ უძღოდა დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის საინაუგურაციო სხდომას.