დავით ზალკალიანის ინფორმაციით, კორონავირუსით საქართველოს მოქალაქეების ინფიცირების შემთხვევები საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში დაფიქსირდა
დავით ზალკალიანის ინფორმაციით, კორონავირუსით საქართველოს მოქალაქეების ინფიცირების შემთხვევები საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში დაფიქსირდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ეფუძნება იმ მონაცემებს, რომლებსაც საქართველოს საკონსულოები და საელჩოები აღრიცხავენ.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს მოქალაქეების კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა არის საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში.

„გვაქვს ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებზე, ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელსაც აღრიცხავენ ჩვენი საკონსულოები და საელჩოები. მხოლოდ იმ ადამიანების ზარებზე არის ეს დამოკიდებული, ვინც უშუალოდ მიმართა საელჩოებსა და საკონსულოებს.

გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეთში, არის იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული. ბუნებრივია, ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ვართ კომუნიკაციაში და იმ მომსახურების დაფუძნება, რომელზეც მე ვისაუბრე, სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებულ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი რეკომენდაციები ქართველი სპეციალისტებისგან მიიღონ.

„ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენ აღრიცხული გვყავს, სახლის პირობებშია, არის თვითიზოლირებული, რადგანაც ევროპის ბევრ ქვეყანაში საავადმყოფოები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა დაინფიცირებული და აქვთ თუ არა სიმპტომები, სახლის პირობებში უწევენ მათ რეკომენდაციას. ამიტომ ყველა მათგანს ჩვენ დავაკავშირებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომ უკვე თბილისიდან მიიღონ მათ ჩვენი სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.