დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მომდევნო წლების მიზანია 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა
დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მომდევნო წლების მიზანია 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა, ხოლო შემდგომ, 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება და გაწევრიანებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო პოლიტიკის 10 წლიანი სამოქმედო გეგმის, „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა – 10 წლის ხედვა – 10 მიზანი“, წარდგენისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
ვიცე-პრემიერის თქმით, 2024 წლისთვის მიზანია ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა, ხოლო შემდგომ, 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება და გაწევრიანებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის კანონმდებლობის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანის მიმართულებით.
„საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღიარებული უნდა იქნეს ევროკავშირის მხრიდან და გაიხსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა საგარეო პოლიტიკის 10-წლიანი სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი იქნება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში შემუშავებული კოორდინირებული ღონისძიებების, კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია, საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის ძირითადი პარტნიორის, დემოკრატიისა და ევროპული ფასეულობების მთავარი საყრდენის, როლის კონსოლიდაცია, ევროკავშირის შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე მოლაპარაკებების დასაწყებად მზადება, მათ შორის ინსტიტუციური და საკოორდინაციო შესაძლებლობების გაძლიერების ჩათვლით. ასოცირების შეთანხმების რეალიზაცია, DCFTA-ის შესაძლებლობებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის პრიორიტეტების განხორციელება და სხვა. 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციისას, დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაზე ევროკავშირთან დაკავშირებადობისა და სექტორული პოლიტიკის დაახლოების კუთხით.
„აღნიშნული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდასაჭერად იგეგმება 3,9 მილიარდ ევრომდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება, რომლის ფარგლებში, მინისტრის თქმით, 1 მილიარდ 175 მილიონი ევრო, 5 საფლაგმანო პროექტის განხორციელებას მოხმარდება: (1) შავი ზღვის დაკავშირებადობის პროექტი – მონაცემთა გაცვლისა და ენერგეტიკის სფეროში დაკავშირება – 25 მლნ. ევრო; (2) სატრანსპორტო დაკავშირებადობა შავი ზღვის რეგიონში – ევროკავშირთან ფიზიკური კავშირების გაუმჯობესება – 100 მლნ. ევრო, (3) ეკონომიკის მდგრადი განვითარება – 80.000-ამდე მცირე და საშუალო მეწარმის ხელშეწყობა DCFTA-ის ფარგლებში შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზების მიზნით – 600 მლნ. ევრო, (4) ციფრული დაკავშირებადობა მოქალაქეთათვის – ჩქაროსნული ციფრული ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის განვითარება სასოფლო-სამეურნეო დასახლებებში – 350 მლნ. ევრო, (5) ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება – სუფთა ჰაერი თბილისის 1 მილიონი მოსახლისთვის – 100 მლნ. ევრო“, – განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც დავით ზალკალიანმა პრეზენტაციისას აღნიშნა, ამ რესურსების მოზიდვა და პროექტების განხორციელება სულ სხვა დონეზე აიყვანს თანამშრომლობას ევროკავშირთან, კიდევ უფრო ნათლად გამოაჩენს ევროპულ პერსპექტივასა და ინტეგრაციის სიკეთეებს, სრულიად შეცვლის რეგიონში არსებულ გარემოს.
საგარეო პოლიტიკის 10-წლიან სამოქმედო გეგმის წარდგენისას, დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებები, მათ შორის, ასოცირებულ ქვეყნებს შორის (ასოცირებული ტრიო) თანამშრომლობის განვითარება და ერთობლივი საკოორდინაციო მექანიზმების შექმნა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული პროგრესის გაუმჯობესება, ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, კანონმდებლობის თავსებადობის ანალიზის (ე.წ. „gap assessment“) ჩატარება, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია, ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაცია, ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებსა და სპეციალიზირებულ სააგენტოებში ჩართულობა, ევროკავშირის სექტორულ პოლიტიკასა და ინსტიტუციებთან მაქსიმალური თავსებადობის მისაღწევად.