დავით ზალკალიანი - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელ პარტნიორებთან მუდმივ კოორდინაციაში ვართ
დავით ზალკალიანი - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელ პარტნიორებთან მუდმივ კოორდინაციაში ვართ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ქართული მხარე გერმანელ პარტნიორებთან მუდმივ კოორდინაციაშია.

შესაბამისი განცხადება დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გააკეთა.

„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. მინდა გითხრათ, რომ ვართ კოორდინაციასა და კონტაქტში ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან. ბუნებრივია, იმ გამოძიების პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს, ჩვენი გერმანელი პარტნიორები შეგვატყობინებენ ყველაფერს დეტალურად და ჩვენ ვიქნებით მათთან მუდმივი კოორდინაციის რეჟიმში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანიაში ეჭვობენ, რომ მკვლელობის უკან რუსეთი დგას.

გერმანიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან 4 დეკემბერს გააძევა. მიზეზად საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის მიერ თანამშრომლობაზე უარის თქმა დაასახელა.