დავით ზალკალიანი - ყველას ვერ გავწვდებით, ბოდიშს ვუხდი ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ არსებული რესურსების ფარგლებში მაქსიმუმს ვაკეთებთ
ყველას ვერ გავწვდებით და მე ბოდიშს ვუხდი ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ არსებული რესურსების ფარგლებში მაქსიმუმს ვაკეთებთ, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ ჩართვისას.
„ძალიან შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობების ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ, უცხოეთში უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილ მოქალაქეებს მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ასეულობით ჩვენს მოქალაქეს ვეხმარებით თავშესაფრის მოძიების კუთხით. ხშირ შემთხვევაში ავამოქმედეთ სხვადასხვა მექანიზმები და ბერკეტები. ისეთი, როგორიც არის საპატიო კონსულები. იმ ქვეყნებში, სადაც საპატიო კონსულები გვყავს, მათ რესურსს ვიყენებთ, რომ ფინანსურად მოვახერხოთ და ჩვენი მოქალაქეების თავშესაფრის, ყოველდღიური საკვებით მომარაგების პრობლემა გადავწყვიტოთ. ასეთი ასეულობით ადამიანია. რა თქმა უნდა, ყველას ვერ გავწვდებით და მე ბოდიშს ვუხდი ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ არსებული რესურსების ფარგლებში მაქსიმუმს ვაკეთებთ. მერწმუნეთ, თითოეული მათგანის ტკივილი ჩვენი ტკივილია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ამ განცხადებით დავით ზალკალიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა დახმარებას იღებენ საქართველოს დიპლომატიური მისიებიდან უცხოეთში სამსახურის და შესაბამისად, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები.
საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოეთში წარმოდგენილ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას და ბიზნესს გაწეული შრომისთვის და გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.