დავით ზალკალიანი - ყველა შეხვედრაზე მაღალი შეფასება ეძლევა ირაკლი ღარიბაშვილის როლს, რომელიც მან რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების კუთხით შეასრულა
ორმხრივ შეხვედრებზე რეგიონში არსებული სიტუაცია იყო განხილული. ჩემს ყველა შეხვედრაზე განსაკუთრებით მაღალი შეფასება მიეცა იმ ხელშეწყობის როლს, რომელიც შეასრულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირადად რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების კუთხით, ეს იყო ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი, კონკრეტული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამერიკისა და ფინეთის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მომავალშიც განაგრძოს.
„ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს არ არის დასასრული, რომ საქართველომ უკვე გამოკვეთა საკუთარი როლი ამ პროცესში, რომელიც შემდგომ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს როლი მომავალშიც გავაგრძელოთ. საქართველო თავის როლს რეგიონში იმყარებს, ამკვიდრებს და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის ფუნქცია, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონში და რომელსაც მომავალში აუცილებლად განვავითარებთ. გამოწვევები ჩვენთვისაც ძალიან სერიოზულია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები. დეტალურად ვაცნობე ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, გახელაძის თემა იყო განხილული და თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია გაიზარდოს, მოხდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დაადასტურა, რომ საქართველოს ამერიკის დღის წესრიგში უაღრესად პრიორიტეტული ადგილი უკავია. ვფიქრობ, საქართველო თავისი ფუნქციით და როლით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ასევე დაიკავებს მათ მომავალ პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – განაცხადა ზალკალიანმა.