დავით ზალკალიანი - ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ რუსეთის უკანონო ქმედებები იყოს დაგმობილი და მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია
რუსეთის მხრიდან მიმდინარე ის უკანონო ქმედებები, რასაც შედეგად მოჰყვა ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია, მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა საგარეო უწყების მინისტრს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მოსკოვში ვიზიტის შესახებ ჰკითხეს.
„ერთ რამეს გეტყვით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლებასთან არანაირი ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს. მათი მხრიდან მიმდინარე ის უკანონო ქმედებები, რასაც შედეგად მოჰყვა ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია, არის მიუღებელი. ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორუმს და ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს ქმედება იყოს დაგმობილი და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მოხდეს.
არ ვიცი ახლა ყველა თავისი მიმართულებით რა საქმიანობას აწარმოებს, მე ვიცი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედება, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში მოქცევის თვალსაზრისით, რაც არის ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია, არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.