დავით ზალკალიანი - ევროკავშირის ანგარიშში ცალსახადაა აღნიშნული, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევს ევროპულ გზას
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში კიდევ ერთხელ ასახავს და პოზიტიურად აფასებს იმ ძალისხმევას, რასაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ახორციელებს.
მისივე თქმით, დოკუმენტში ცალსახად არის აღნიშნული, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევს არჩეულ, ევროპულ გზას და წარმატებით აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.
„პირველ რიგში, ეს გამოიხატება როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაში, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვაში. ორივე მიმართულებით, 2020 წელი გამორჩეული იყო თავისი ხელშესახები შედეგებით. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ორგანიზაცია ძალზედ დადებითად აფასებს მთავრობის მშვიდობიან ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და საუბრობს ასევე ევროკავშირის აქტიურ ჩართულობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. კიდევ ერთხელ, უარყოფითად არის შეფასებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემო. მათ შორის უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, ასევე სხვა უარყოფითი საკითხები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ხაზს უსვამს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.
„ასევე, ანგარიში დადებითად აფასებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას, რამაც ქვეყანა მყარად დააყენა იმ კურსზე, რომელიც 2024 წლისთვის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. აგრეთვე, ანგარიშში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეფასებულია, როგორც კონკურენტუნარიანი, სადაც ზოგადად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.
პანდემიის გამოწვევის მიუხედავად, ანგარიში ასევე აღიარებს, რომ საქართველომ შეინარჩუნა წარმატებული პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში და მიუხედავად შემცირებული ვაჭრობისა, ევროკავშირი, როგორც ერთიანი სავაჭრო ბლოკი, კვლავ რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული ის ნაბიჯები, რომლებიც პანდემიის დროს სახელმწიფომ და მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურებმა გადადგეს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერისთვის.
ანგარიში ასევე დადებითად აფასებს კონკრეტულ ნაბიჯებს მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის შრომითი უფლებების გაძლიერების კუთხით, უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით. საჯარო მმართველობის რეფორმა არის ძალიან პოზიტიურად შეფასებული, ბავშვთა უფლებების დაცვა, ასევე მედიაგარემო აღიარებულია როგორც პლურალისტული და კონკურენტული. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო პაკეტის მიღებაც ასევე არის პოზიტიურ კონტექსტში შეფასებული.
კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაცია ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპულ დემოკრატიად გარდაქმნას და მის მოდერნიზებას. ასევე, მაქსიმალურად გვაახლოვებს ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც გახლავთ ჩვენი გაცხადებული მიზნისთვის – ევროკავშირის წევრობისთვის მთავარი წინაპირობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით.