დავით ზალკალიანი - წარმატებულ რეფორმებზე დაფუძნებული ძლიერი საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გვინდა ქართველების, აფხაზების, ოსებისა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისთვის
ათი წლის წინ, საქართველო გახდა რუსეთის აგრესიის სამიზნე, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა, სამწუხაროდ, ათი წლის შემდეგაც, კვლავ გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროები კვლავ უკანონოდ იმყოფებიან.
„ადგილი აქვს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. დღეს, როდესაც ჩვენ ვხვდებით, ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანებს იტაცებენ, ფიქსირდება საშინელი მკვლელობები, ისეთი როგორსაც სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როდესაც ტატუნაშვილი იყო ჯერ მოტაცებული, შემდეგ კი საშინლად მოკლული.
სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, მსგავსი შემთხვევები ჩვენ ადრეც გვქონდა, როგორიც იყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და ასევე დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოწესრიგების გზას.
2008 წლის შემდეგ, რაც შეიქმნა ჟენევის ფორმატი ყველა ძირითად აქტორთან ერთად ვართ ჩართული იმ მწვავე საკითხების მოსაგვარებლად, რასაც ეფუძნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომით, ეუთოს, ევროკავშირის, გაეროს და აშშ-ის აქტიური მონაწილეობით ვდგამთ ნაბიჯებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება გახდეს შეუქცევადი და ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთმა მონაწილემ, რუსეთის ფედერაციამ პატივი სცეს იმ ვალდებულებებს, რა ვალდებულებებიც მას ჰქონდა აღებული 2008 წელს.
საქართველოს მთელი დიპლომატიური კორპუსი არის მოწოდებული, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა და კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა მუდმივად იყოს განხილვის საგანი. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის ყველა წევრის და მთლიანად ევროკავშირის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ყველა ფორმატში. გვაქვს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა, რაც ორპარტიული მხარდაჭერით გამოიხატება, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წარსულის მძიმე გამოცდილებაზე საუბართან ერთად, დღეს აქცენტები უნდა გაკეთდეს მომავალზე.
„გვინდა კი ისეთი მსოფლიო, რომელიც ძალის გამოყენებას ეფუძნება? ასე ვსაუბრობ იმიტომ რომ ათი წლის წინანდელი ომი არ იყო იზოლირებული ინციდენტი, არც სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტი, რომელიც არსაიდან წარმოიშვა, ეს იყო კიდევ ერთი ფაზა იმ დაპირისპირებისა, რომელიც მიმდინარეობს, რომელიც არის ფასეულობებზე არსებული დაპირისპირება და საქართველოსთვის არის ბრძოლა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არის ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის და ცხოვრების ისეთი წესისთვის, რომელიც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს თავისუფლების სულისკვეთებას, რა თქმა უნდა, ვერავინ შეაჩერებს.
„ვაგრძელებთ ამ სულისკვეთების განვითარებას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც ევროპასთან იმ ღირებულებით იქნება ინტეგრირებული, რომელიც ასე ფასეულია თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ ეს არის საუკეთესო პასუხი ჩვენი ქვეყნის გარკვეული ნაწილის ოკუპაციაზე.
წარმატებულ რეფორმებზე და კარგ მმართველობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული ძლიერი საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გვინდა ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისთვის. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელსაც მიბაძავენ სხვები, ისე როგორც სამაგალითო იყო ჩვენთვის აღმოსავლეთ ევროპელი მეგობრებისა და ბალტიის ქვეყნების გამოცდილება.
იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ერთ დიდ ნავში ვისხედით, დღეს ჩვენ ყველას პატარა, ჩვენ-ჩვენი, საკუთარი ნავები გვყავს, მაგრამ უნდა გავერთიანდეთ იმ დიდ ფლოტში, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის ქვეშ გააგრძელებს სვლას უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.