დავით ზალკალიანი - ვინ აგებდა პასუხს, რამე რომ მოსვლოდა ასობით ათას ქართველს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ
ვინ აგებდა პასუხს, ასობით ათას ქართველს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, რამე რომ მოსვლოდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„იმ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა იმ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული და დესტრუქციული განცხადებების ფონზე, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა შეიყვანეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები აკეთეს და მხარდამჭერმა სხვადასხვა ორგანიზაციამ, ქვეყანა შესაძლოა, მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე. სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს ყველაფერი, რომ ის მიღწევები, რაც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარებით, ოთხ-ნახევარი პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იმ ფონზე, რა გამოწვევებიც აქვს ქვეყანას ამ სიტუაციაში და ძალიან სერიოზული მიღწევაა, რა თქმა უნდა ეს ხალხის კეთილდღეობაზე არ აისახება, მაგრამ მთავრობა რომ ყველაფერს აკეთებს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის და ხალხის კეთილდღეობას რომ დაეტყოს, ეს ხომ ფაქტია და ეს განცხადებები სწორედ იყო პროვაკაციულად მიმართული იმაზე, რომ ასეთი რეაქცია გამოეწვია, რაც მოჰყვა რუსეთის დუმის მხრიდან. იცით, რომ ძალიან ახლოს ვიყავით იმ გადაწყვეტილებასთან, რომ საერთოდ როგორც ფრენები აიკრძალა, ისე შემოღებული ყოფილიყო ემბარგო და ასე შემდეგ. რა მოგვიტანა ამან 2006 წელს, თქვენ კარგად გახსოვთ. ქართველები როგორც მაშინ გამოდევნეს, გვინდოდა, ისევ იმ ფაქტის წინაშე დავმდგარიყავით? ეს იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ვინ აგებდა მერე პასუხს, რომ ასობით ათას ქართველს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, რამე მოსვლოდა. მიმართული იყო ეს ნარატივი, ვინ დადგა ეს პოლიტიკური შოუ, ვინ დაიწყო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ გიორგი გაბუნიას განცხადებას მოჰყვა რუსეთის დუმის ინიციატივა საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ არ იცის, გიორგი გაბუნიამ მარტომ მიიღო თუ არა გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და ჯდება თუ არა ეს საერთო სცენარში.
„თუკი ეს სცენარი იყო, იმ სცენარში რატომ ჯდებით. გიორგი გაბუნიამ მარტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი, არ ვიცი. და საერთოდ, ჯდება თუ არა. თუკი ეს სცენარი იყო, რატომ აკეთებთ ისე, რომ თქვენ იყოთ თანამონაწილე ამისი“, – მიმართა დავით ზალკალიანმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს.
კითხვაზე, რამდენად სწორი იყო გუშინ „იმედის“ ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მიესალმა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სანქციების არდაწესების შესახებ და ხომ არ ემსახურებოდა ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის დადებითად წარმოჩენას, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ „იმ სიტუაციაში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“.