დავით ზალკალიანი - ვფიქრობ, მომავალშიც საქართველო მუდმივად იქნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის დღის წესრიგში
დავით ზალკალიანი - ვფიქრობ, მომავალშიც საქართველო მუდმივად იქნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის დღის წესრიგში

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს საქართველო რამდენჯერმე ახსენეს. სხდომაზე სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს მოუსმინეს. მოსმენა სენატორმა კორკერმა გახსნა, რომელმაც რუსეთზე საუბრის დროს განაცხადა, რომ ქვეყანას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი.

თავად სახელმწიფო მდივანმა საკუთარ გამოსვლაში განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს თავდაცვის სფეროში და ამის მაგალითი, მაიკ პომპეოს თქმით, იყო თავდაცვითი შეიარაღების გადაცემა.

მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანის თქმით, ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში საქართველო მუდმივად მოიხსენიება, არის იმის დასტური, რომ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„ეს ვიზიტიც სწორედ ამ მიმართულებით იქნა გამოყენებული. გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი სენატორ კორკერთან და სწორედ ის თავმჯდომარეობდა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას. როგორც გუშინ იყო ჩვენს შეხვედრაზე საუბარი, მან დააყენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია სენატის დღევანდელი მოსმენის დღის წესრიგში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივნის მხრიდანაც იყო გამოხმაურება საქართველოზე. მან ახსენა საქართველო თავის გამოსვლაში და ვფიქრობ, რომ მომავალშიც საქართველო მუდმივად იქნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დღის წესრიგში.

ჩვენ ყველა კონტაქტს, ურთიერთობას, ყველა ვიზიტს ვიყენებთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს ჰქონდეს მოწინავე პოზიციები“,- განაცხადა ზალკალიანმა.