დავით ზალკალიანი - ვცდილობთ, ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და გამოცდილების შეძენის კუთხით სტუდენტების შესაძლებლობები უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული, ერაზმუს პლიუსისა და ჟან მონეს ონლაინ ზამთრის სკოლის „ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია – ევროკავშირი და საქართველო“ კურსის გახსნისას, მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მოცემული პროგრამის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებში როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ ცოდნის ამაღლების კუთხით.
„ვფიქრობ, ამ კურსის ერთ-ერთი შედეგი ისიც იქნება, რომ თქვენთვის უფრო ნათელი გახდება, რა მოუტანა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზამ, რომელსაც ქვეყანა დაადგა ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მუდმივი მხარდაჭერით,“ – აღნიშნა ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოში ერაზმუს პლიუსის პროგრამის წარმატებაზეც და განმარტა, რომ პროგრამაში, რომელიც წარმატებულ სტუდენტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს, ბოლო ხუთ წელიწადში, 6 500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენ ვცდილობთ, კიდევ უფრო პრაქტიკული და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი სტუდენტებისა და მკვლევრების შესაძლებლობები ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის, კვლევის და გამოცდილების შეძენის კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამისთვის საქართველოს სახელმწიფო უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირში საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან.
თავის მიმართვაში დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზეც.
„საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა შეუქცევად სახეს იღებს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ გამოაცხადა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდება ყველაფერი, რათა 2024 წელს ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. ჩვენი მზადყოფნა კი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების მიხედვით შეფასდება – სწორედ ასოცირების შეთანხმებაა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი.
წევრობის განაცხადის გაკეთება ამბიციური მიზანია, მაგრამ საქართველოს შეუძლია ამ მიზანსაც დროულად მიაღწიოს, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ არჩეული გზის ერთგულია და აქვს ცოდნა და უნარი, მთელს რეგიონს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის წარმატებული მაგალითი მისცეს,“ – განაცხადა ზალკალიანმა.