დავით ზალკალიანი - ვაფასებთ ევროკავშირის მიერ „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას და მადლობას ვუხდით დახმარებისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
ზალკალიანი მადლობას უხდის ევროკავშირს ამ რთულ დროს საქართველოს გვერდში დგომისთვის.
„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფრხვრელად“ – წერს დავით ზალკალიანი.