საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით არგენტინასა და ურუგვაის ეწვევა. ვიზიტი 23 მარტამდე გაგრძელდება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში – „სამხრეთ-სამხრეთი თანამშრომლობა“( south-south cooperation) და სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს, რომელთა შორის არიან ლათინური ამერიკის, აფრიკის, წყნარი ოკეანის ქვეყნების აუზის სახელმწიფოთა მეთაურები.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. არგენტინაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება არგენტინელ კოლეგას ხორხე ფორისს, ასევე არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ბუენოს-აირესში დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართება შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან ლათინური ამერიკისა და აფრიკის სახელმწიფოებიდან.
ურუგვაიში ვიზიტის ფარგლებში კი, დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან როდოლფო ნინ ნოვოასთან, ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტთან, სენატის თავმჯდომარესთან, ასევე წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან და ურუგვაის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან.
ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, როგორც არგენტინაში, ასევე ურუგვაიში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დირექტორობის კანდიდატი საქართველოდან დავით კირვალიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.