დავით ზალკალიანი - უპრეცედენტო იყო ეუთო/ოდირის ასეთი რაოდენობით საქართველოში ყოფნა, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი, რათა ასეთი მასშტაბის სადამკვირვებლო მისია ყოფილიყო
დავით ზალკალიანი - უპრეცედენტო იყო ეუთო/ოდირის ასეთი რაოდენობით საქართველოში ყოფნა, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი, რათა ასეთი მასშტაბის სადამკვირვებლო მისია ყოფილიყო

ეუთო/ოდირმა უკვე დადო თავისი წინასწარი დასკვნა, რომელიც არჩევნებს აფასებს როგორც კონკურენტულს, კარგად ადმინისტრირებულსა და თავისუფალს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

„კომენტარს გავაკეთებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შესახებ. მართლაც უპრეცედენტო იყო ის მასშტაბი, რომლითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკვირდებოდნენ ადგილობრივ არჩევნებს. მოგეხსენებათ, რომ როგორც წესი, ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არ ესწრება, ეს არ არის ეუთო-ს წევრი ქვეყნის ვალდებულება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე დაიწყო მზადება და ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალური, რათა ასეთი მასშტაბის სადამკვირვებლო მისია ყოფილიყო. შეიძლება, ითქვას, რომ უპრეცედენტო იყო ეუთო/ოდირის ასეთი რაოდენობით საქართველოში ყოფნა როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, გუშინ შეხვედრა ჰქონდა ეუთო/ოდირის დირექტორთან.

„მისი აქ ყოფნაც არჩევნების პერიოდში ასევე უპრეცედენტო მოვლენა გახლავთ, რადგან, როგორც წესი, ეუთო/ოდირის დირექტორი არ ესწრება ხოლმე არათუ ადგილობრივ, არამედ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებსაც. მოგეხსენებათ, რომ ეუთო/ოდირმა, რომელიც იყო მთავარი სადამკვირვებლო მისია, უკვე დადო თავისი წინასწარი დასკვნა, რომელიც არჩევნებს აფასებს როგორც კონკურენტულს, კარგად ადმინისტრირებულსა და თავისუფალს. ასევე, აქ არის ბევრი პოზიტიური დეფინიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ჩარჩო იყო კარგად დაახლოებული იმ დემოკრატიულ პრინციპებთან და დემოკრატიულ მოთხოვნებთან, რომლებსაც ეუთო/ოდირი აყენებდა, პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე არჩევნების დღე, როგორც წყნარი და გამჭვირვალე პროცესი.“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრება.

„კერძოდ, ვროპარლამენტიდანაც იყო სადამკვირვებლო მისია წარმოდგენილი. გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ როგორც ევროპარლამენტის მისიის მეთაურს, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო მისიის დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროცესი იყო ჩატარებული მომწიფებულ გარემოში. ევროპარლამენტის დელეგაციის მეთაურმა, გალერმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს, კიდევ უფრო წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე. ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ამ წინასწარ კვლევებში იყო შესაბამის ხარვეზებზე და ნაკლოვანებებზე გამოკვლეული, თუმცა ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელთან და დირექტორთან გუშინდელი ჩემი შეხვედრიდან გამომდინარე, იქაც აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული სახელმწიფოსი, იქაც არის მსგავსი დარღვევები, თუმცა ყველა ის შენიშვნა და ხარვეზი, რომელიც არის აღნიშნული ამ წინასწარ დასკვნაში, იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული. ერთხმად იყო აღნიშნული, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ უკვე ერთი წელი არის გასული, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი არის თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაში და თუნდაც იმ რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით, რაც იყო წარმოდგენილი როგორც ეუთო-ს, ისე ვენეციის კომისიის დასკვნაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს ნაკლებად კეთდებოდა აქცენტი ადგილობრივ თემატიკაზე.

„ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელზეც მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო და დასკვნაში არის საუბარი. იქ არის აღნიშნული, რომ ის პროცესები, ადგილობრივი არჩევნების თემატიკა იყო ერთგვარად მიტაცებული და წაიღო ძირითადი აქცენტი, მთლიანად საარჩევნო კამპანია იმ ძირითად პროცესზე, რაც იყო დაკავშირებული რეფერენდუმთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება, რაც ჩვენმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს და მე სრულიად ვიზიარებ ამას. თქვენ გახსოვთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალიან ბევრი მსჯელობა იყო, რომ რა დროს წყალზე, დენზე, გაზზე, გზებზე საუბარია, რომ ეს არის რეფერენდუმი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება და მსგავსი რამ. ბევრი საინფორმაციო საშუალებიდან გვესმოდა ასეთი მოწოდებები და ეს არის მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ადგილობრივი არჩევნები, პირველ რიგში, უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული სწორედ ხალხის ყოველდღიურ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული მთლიანი საარჩევნო კამპანია, მათ შორის თბილისის მერისა და სხვა ქალაქების მერების კამპანია, იყო სწორედ ხალხის პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე, იმაზე იყო აქცენტი გაკეთებული, რაც უნდა იყოს ნორმალურ პირობებში და რაც უნდა იყოს განპირობებული ადგილობრივი არჩევნების დროს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.